კრემლმა პუტინისა და ბაიდენის ვიდეოკონფერენციის შედეგის საკუთარი ვერსია გაავრცელა
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოთქვა შეშფოთება “დონბასის წინააღმდეგ კიევის პროვოკაციული ქმედებების გამო” და მოითხოვა სამართლებრივი გარანტიები, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება.
ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იტყობინება.
აღინიშნება, რომ მოლაპარაკებებში უკრაინის თემა მთავარ ადგილს იკავებდა.
“საუბარში უპირატესი ადგილი დაიკავა შიდაუკრაინულ კრიზისთან დაკავშირებულმა პრობლემებმა და 2015 წლის მინსკის შეთანხმებების იმპლემენტაციის ნაკლებობამ, რაც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების უდავო საფუძველს წარმოადგენს. რუსეთის პრეზიდენტმა, კონკრეტული მაგალითების გამოყენებით, ყურადღება გაამახვილა კიევის დესტრუქციულ ხაზზე, რომელიც მიზნად ისახავს მინსკის შეთანხმებებისა და „ნორმანდიულ ფორმატში“ მიღწეული შეთანხმებების დემონტაჟს, ასევე, სერიოზული შეშფოთება გამოთქვა დონბასის წინააღმდეგ კიევის პროვოკაციულ ქმედებებთან დაკავშირებით.
ჯოზეფ ბაიდენმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების გადაადგილების თითქოსდა „საფრთხეს“ და გამოკვეთა სანქციების ზომები, რომლებიც, შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მზად იქნებიან, გამოიყენონ სიტუაციის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში.
საპასუხოდ,ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭირო არ არის პასუხისმგებლობის რუსეთის მხრებზე გადატანა, რადგან სწორედ ნატო ახორციელებს სახიფათო მცდელობებს უკრაინის ტერიტორიის დასაპყრობად და ჩვენს საზღვრებთან სამხედრო პოტენციალს ზრდის. ამიტომ, რუსეთი სერიოზულად არის დაინტერესებული სანდო, იურიდიულად დაფიქსირებული გარანტიების მოპოვებით, რომლებიც გამორიცხავს ნატო-ს აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოებასა და შეტევითი დარტყმის იარაღის სისტემების განთავსებას რუსეთის მიმდებარე ქვეყნებში.
ლიდერები შეთანხმდნენ, რომ დაავალებენ თავიანთ წარმომადგენლებს, ჩაერთონ არსებით კონსულტაციებში ამ მგრძნობიარე საკითხებზე”, – ნათქვამია კრემლის პრესსსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, “პრეზიდენტმა ბაიდენმა შეერთებული შტატებისა და ჩვენი ევროპელი მოკავშირეების ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის გარშემო ძალების ესკალაციის გამო და მკაფიოდ განაცხადა, რომ, სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, აშშ და ჩვენი მოკავშირეები ძლიერი ეკონომიკური და სხვა ზომებით უპასუხებენ. პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და დეესკალაციისა და დიპლომატიისკენ დაბრუნებისკენ მოუწოდა”.