კახა კალაძე საბა ბუაძეს: ერთი მტკიცებულება მაინც წარმოადგინეთ, რომ ბიუჯეტიდან რამე მოვიპარე, უფლებამოსილებას გადავამეტე, ვინმე დავჩაგრე

„ერთი მტკიცებულება მომეცით, რომ ბიუჯეტიდან რამე მოვიპარე, ჩემს უფლებამოსილებას გადავამეტე, ვინმე დავჩაგრე, ვინმეს არასამართლიანად მოვექეცი და ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას, პოლიტიკიდან და თანამდებობიდან წავალ და კანონის წინაშე ვაგებ პასუხს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის, საბა ბუაძის მიერ გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, საბა ბუაძემ შემდეგი აღნიშნა.

„გამაოგნებელია ჩემთვის იმის მოსმენა, რომ სიტყვა „კორუმპირებული,“ რომელიც არის პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება, ამ დარბაზში არ უნდა იქნას ნახსენები და პოლიტიკური პროცესის ნაწილი არ უნდა იყოს, ეს გულუბრყვილობაა?!“- განაცხადა ბუაძემ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართვას კახა კალაძის შეფასება მოჰყვა: „კორუმპირებულები და თაღლითები საკუთარი პარტიის ბოსებში მოიკითხეთ.“

საბა ბუაძემ ამის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის განცხადებების ატანა მათ აუცილებლად მოუწევთ:

„ქურდს ქუდი ეწვისო და ზუსტად ამასთან გვაქვს საქმე. ეს არის პოლიტიკურ – სამართლებრივი შეფასება და გაჟღერდება იმდენჯერ, რამდენჯერაც დავინახავთ ასეთ კორუფციულ შემთხვევას. თქვენ და თქვენს კოლეგებსაც ამის მოსმენა და ატანა მოგიწევთ. ხელების შლა არ არის კულტურული ქცევა“, – მიმართა ბუაძემ კალაძეს.

თბილისის მერმა განაცხადა, რომ ყოველ ტყუილზე სიმართლე მოხვდებათ სახეში:

„ბატონო საბა, თქვენ არავინ გზღუდავთ იმაში, რომ კრიტიკული იყოთ, მაგრამ როდესაც ადამიანს შეურაცხყოფას აყენებ, ეს კატეგორიულად მიუღებელია. რა თქმა უნდა, ყველაფერზე ვერ გვექნება ერთნაირი დამოკიდებულება, ოპოზიცია ხართ და კრიტიკულები უნდა იყოთ, ეს მისაღებია, მაგრამ ყველაფერს თავისი ფორმა აქვს.

ადამიანს როდესაც შეურაცხყოფას აყენებ, მტკიცებით ფორმაში ეუბნები, რომ კორუმპირებულია, დამიდასტურე. როდესაც უსამართლოდ მაყენებ შეურაცხყოფას, რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის მოყვება რეაგირება.

არც სამართალი იცით და არც პოლიტიკის გაგებაში არ ხართ. რამდენ ტყუილსაც იტყვით, იმდენჯერ მოგხვდებათ ცხვირ-პირში… რამდენჯერაც იტყვით, იმდენჯერ სიმართლე მოგხვდებათ ცხვირ-პირში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები