კახა კალაძე: ჩვენ ვეგმავთ, რომ არცერთი თბილისელი ოჯახი არ დარჩეს უსახლკაროდ – ეს არის ჩემი დაპირება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერია მუნიციპალური საბინაო ფონს ქმნის, რომლის მეშვეობითაც თბილისელ ოჯახებს, რომლებსაც დაკარგული აქვთ ან არ გააჩნიათ სახლ-კარი, საცხოვრებელი ფართები სარგებლობის უფლებით გადაეცემათ. ამის შესახებ კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც მუნიციპალიტეტის მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა, განაცხადა.

„ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ 2022 წლიდან ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა დროინდელი ავარიული შენობები (კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არ ეხება თბილისის ისტორიულ არეალს), სრულად ჩანაცვლდეს თანამედროვე და უსაფრთხო შენობებით. ჩვენ ვეგმავთ, რომ არცერთი თბილისელი ოჯახი არ დარჩეს უსახლკაროდ – ეს არის ჩემი დაპირება. ამისთვის ვქმნით მუნიციპალურ საბინაო ფონდს და თბილისელ ოჯახებს, რომლებსაც დაკარგული აქვთ ან არ გააჩნიათ სახლ-კარი, სარგებლობის უფლებით გადაეცემათ საცხოვრისი“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, მერია ბოლომდე მიიყვანს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულების პროგრამას და ქალაქში დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება.

„ჭკვიანი” საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის საშუალებით ქალაქში ყველას თანაბარი, კომფორტული და სწრაფი გადაადგილების შესაძლებლობა ექნება. ვქმნით 10 სატრანზიტო დერეფანს და ყველა ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიან სისტემაში სინქრონიზაცია განხორციელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები