მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში არსებობს მინიმუმ 2 დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი – სახალხო დამცველისა და სახელმწიფო ინსპექტორის სახით, ორივეს ქალი ხელმძღვანელობს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

“მივესალმები სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას ჩემი უფლებების დარღვევის დადგენის თაობაზე და იუსტიციის სამინისტროსთვის შემდგომი ასეთი ქმედებების აკრძალვას. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არსებობს მინიმუმ 2 დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი – სახალხო დამცველისა და სახელმწიფო ინსპექტორის სახით. ნიშანდობლივია, რომ ორივეს ქალი ხელმძღვანელობს.

ასევე, ვიცი, რომ ბევრ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოშიც უამრავი წესიერი და პატრიოტი მოქალაქეა და ველი მათგანაც სამართლიან პოზიციას უსამართლო ფაქტების წინააღმდეგ”, – ნათქვამია მიმართვაში, რომელიც სააკაშვილის ოფიციალურ “ფეისბუქ” გვერდზე ვრცელდება.

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების საკითხზე მოკვლევა დაასრულა და დაადგინა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული მონაცემები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით გაასაჯაროვა. სახელმწიფო ინსპექტორმა იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები