ირაკლი ზარქუა: მგონია, რომ ბატონ ივანიშვილს ღირსეული ადგილი უჭირავს საქართველოს ისტორიაში
“ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ეკლესიები ააშენა, რესტავრაცია გაუკეთა ჩვენს ასობით მონასტერს და 2012 წელს, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობასთან ერთად, ტირანია დაამარცხა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილს საქართველოს ისტორიაში ღირსეული ადგილი უჭირავს.
„ვინმეს მოსწონს თუ არა, ივანიშვილმა საქართველოში ეკლესიები ააშენა, რესტავრაცია გაუკეთა ჩვენს ასობით მონასტერს და 2012 წელს, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობასთან ერთად, ტირანია დაამარცხა. ევროპული გზა, რომელიც, სხვათა შორის, თავის დროზე შევარდნაძემ დაიწყო, ჩვენმა ხელისუფლებამ ღირსეულად დააგვირგვინა უვიზო მიმოსვლით, ევროკავშირის ბაზართან თავისუფალი ვაჭრობით. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ბატონ ივანიშვილს ღირსეული ადგილი უჭირავს საქართველოს ისტორიაში“, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.
ცნობისათვის, საზოგადოების ნაწილი მე- 9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვს. ისინი მიიჩნევენ, რომ ის ქვეთავები, რომელიც აგვისტოს ომს, „ვარდების რევოლუციას“ და ბიძინა ივანიშვილს ეხება, პროპაგანდისტულია.