ხავიერ კოლომინა: საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია, ჩვენ მხარს ვუჭერთ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას

საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია, მკაფიოდ უნდა დავაფიქსიროთ ის სარგებელი, რაც ნატო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობას მოაქვს, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული ონლაინ-დისკუსიის დროს განაცხადა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ნატო-სთვის შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე.

“საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია ძალიან ბევრი მიზეზის გამო. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია, რომ საქართველო სამ ასპირანტ ქვეყანას შორისაა, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ჩართულობას ნატო-ს ოპერაციებში, ამასთან ვიზიარებთ უამრავ გამოწვევას უსაფრთხოების სფეროში.

პოლიტიკური დიალოგი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, ბოლო თვეში ვმასპინძლობდით საქარელოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიე-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრს და თქვენ იცით, ალბათ, რომ ასეთი ახლო კომუნიკაცია ძალიან ცოტა ქვეყანასთან აქვს ნატოს.

როდესაც საქართველოში ვიზიტით ვიმყოფებოდი, პარლამენტში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან საინტერესო შეხვედრა მქონდა. დღეს, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პოლარიზაციაზე ვისაუბრეთ, თუმცა იმ შეხვედრაზე პოლარიზაციას ადგილი არ ჰქონია. სრული ერთსულოვნება იყო ნატოში გაწევრიანების საკითხის მიმართ. ვფიქრობ, ნატო ერთ-ერთი ელემენტი შეიძლება იყოს, რომელიც მთავრობისა და ოპოზიციის ურთიერთობას უფრო კონსტრუქტიულს გახდის. რაც შეეხება ნატოში გაწევრიანების საკითხე საზოგადოებასთან კომუნიკაციას, ყოველთვის ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რამდენად ნაყოფიერია ნატო-სა და საქართველოს შორის ურთიერთობა. საქართველოს საბოლოო მიზანი ნატო-ში გაწევრიანებაა და ჩვენ მხარს ვუჭერთ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას. მკაფიოდ უნდა დავაფიქსიროთ ის სარგებელი, რაც ნატო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობას მოაქვს. არ შემიძლია არ აღვნიშნო ის საოცარი მხარდაჭერა, რომელიც ნატო-ს საქართველოში აქვს.

ნატო შავი ზღვის რეგიონში რუსეთის აგრესიულ ქცევაზე რეაგირებს. ნატო აუმჯობესებს შეკავების პოლიტიკას და მხარს უჭერს ალიანსის სამ მოკავშირეს, რუმინეთს, ბულგარეთსა და თურქეთს. ასევე აქტიური ჩართულობა გვაქვს საქართველოსა და უკრაინასთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ თავდაცვის სფეროში საქართველოს მიერ რეფორმის ძალისხმევას. საქართველო ძალიან ღირებული პარტნიორია ნატოსთვის. ეს ორმხრივი ურთიერთობებია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას, მაქსიმალურად ვეხმარებით საქართველოს. ამასთანავე საქართველოს წვლილი შეაქვს ოპერაციებში. ყოველთვის ვიქნებით საქართველოს მადლობელნი ავღანეთის მისიაში მონაწილეობისა და ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში გაწეული დახმარებისთვის. რუსეთი რეგიონში არსებული გამოწვევების უმეტესობის უკან დგას. ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა თავდაცვისა და შეკავების სფეროში. ეს თავდაცვითი ძალისხმევაა და რეაგირებისთვის მზად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები