ალუდა ღუდუშაური: ძალიან სწორად არის შეყვანილი ბიძინა ივანიშვილი სახელმძღვანელოში, არ უნდა იყოს?!

“დიახ, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს სახელმწიფოს ისტორიაში აქვს და რაც დრო გავა, კიდევ უფრო მეტად ექნება დაფასებული ადგილი, განსხვავებით სააკაშვილისგან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, წიგნში თუ რამეა არასწორი, მხოლოდ ის, რომ სააკაშვილის “საგმირო საქმეებზე” არ წერია.

“ძალიან სწორად არის შეყვანილი. რა, არ უნდა იყოს? არ უნდა იყოს? როგორც ჩანს, ნებისმიერი პირი ამ ისტორიის სახელმძღვანელოს კარგად უნდა გაეცნოს იმიტომ, რომ ნამდვილად საჭიროებს… კიდევ კარგად გაეცანით, სხვა შემთხვევაში ამ კითხვას, რომ თურმე დღეს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების წარმომადგენელი ყოფილა, ამ განცხადებას და ამ მოსაზრებას უბრალოდ არ გააკეთებდით.

დიახ, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს სახელმწიფოს ისტორიაში აქვს და რაც დრო გავა, კიდევ უფრო მეტად ექნება, დაფასებული ადგილი, განსხვავებით სააკაშვილისგან. თუ ამ ისტორიის წიგნში რაიმე არის არასწორი და არ ასახავს რეალობას, არის ის, რომ ამ ისტორიის სახელმძღვანელოში მიხეილ სააკაშვილის ის “საგმირო საქმეები” არ არის ასახული, რაც მან ჩაიდინა და რისთვისაც არის მსჯავრდადებული და რაზეც მიმდინარეობს არაერთი საქმე”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისათვის, საზოგადოების ნაწილი მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვს. მათი თქმით, ის ქვეთავები, რომელიც აგვისტოს ომს, „ვარდების რევოლუციას“ და ბიძინა ივანიშვილს ეხება, პროპაგანდისტულია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები