ნათია თურნავა: ბიზნესსექტორის ბრუნვა გაიზარდა და 40.5 მილიარდ ლარს მიაღწია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, 2021 წლის მესამე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 38,5%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის მესამე კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით, თითქმის, 40%-ით არის გაზრდილი.
მისივე თქმით, ბიზნესსექტორის ბრუნვამ 40.5 მილიარდ ლარს მიაღწია.
„2021 წლის მესამე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 38,5%-ით და თითქმის 40%-ით გაზრდილია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ბრუნვა გაზრდილია, ფაქტობრივად, ყველა სახეობის საქმიანობასა და ბიზნესსექტორის სხვადასხვა დარგში. მაღალი ზრდის მაჩვენებელი ფიქსირდება განთავსების საშუალებებსა და საკვების მიწოდების საქმიანობის მიმართულებით, ეს არის რესტორნები და სასტუმროები, სადაც 86%-მდე არის გაზრდილი ბრუნვა.
გადამამუშავებელ მრეწველობაში ბრუნვა მომატებულია 41,4%-ით, რაც საკმაოდ მაღალი ზრდაა. სხვა ბიზნესსექტორებშიც ასეთივე მაღალი ზრდა არის. ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი იმ ეკონომიკური აღდგენისა და გაჯანსაღების, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება. ამან მოგვცა შესაძლებლობა, წელს მილიარდ სამასი მილიონი ლარით გაგვეზარდა ჩვენი ბიუჯეტი. ასევე გვაძლევს საშუალებას, რომ მომავალი წლის ხედვა და ბიუჯეტი იყოს საკმაოდ კომპლექსური, მსხვილი ხარჯები იყოს გათვალისწინებული სხვადასხვა მიმართულებით“, – განაცხადა თურნავამ.