ლაშა ხუციშვილი: საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდა დამოკიდებულება იქნება კერძო სექტორში დასაქმებულების ანაზღაურების ზრდაზე
საქართველოს მთავრობა პარლამენტში წარადგენს წესს, როგორ უნდა დარეგულირდეს საჯარო სექტორში ხელფასების მატება, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა დამოკიდებული იქნბა კერძო სექტორში დასაქმებულების ანაზღაურების ზრდაზე და აღნიშნული წესი საჯარო მოხელეების ხელფასების საკითხს მოაწესრიგებს.
„მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ავიღეთ ვალდებულება და ბიუჯეტში, წარდგენილშიც და საბოლოოშიც, წერია, რომ საქართველოს მთავრობა პარლამენტში წარადგენს წესს, როგორ უნდა დარეგულირდეს საჯარო სექტორში ხელფასების მატება. მომავალ წელს ეს წინადადება, ეს წესი წარდგენილი იქნება, სადაც საჯარო მოხელეების ყოველთვიური ანაზღაურება დამოკიდებულება იქნება იმაზე, თუ როგორი ზრდა არის კერძო სექტორში. კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს როგორ ეზრდებათ ხელფასები, ამაზე იქნება დამოკიდებული საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა. ძირითადი წესი სწორედ ეს იქნება, საბოლოოდ, ეს მოაწესრიგებს საჯარო მოხელეების ხელფასების საკითხს“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ცნობისთვის, დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან საჯარო მოხელეების ხელფასი 10%-ით გაიზრდება.