რას ითვალისწინებს ონლაინკაზინოებისთვის ახალი რეგულაციების დაწესება – ფინანსთა მინისტრის განმარტება
სათამაშო ბიზნესისთვის ამოქმედდება დაბეგვრის მექანიზმი, რომელის შინაარსობრივად არის მიღებულ ფსონსა და გაცემულ მოგებას შორის ყოველთვიურად გაანგარიშებული ე.წ. ჯიჯიარის დაბეგვრა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სათამაშო ბიზნესთან მიმართებით გარკვეული რეგულაციები შემოსავლებს შეამცირებს, თუმცა, საგადასახადო პოლიტიკა ამ საკითხს დააბალანსებს.
„დაბეგვრის მექანიზმი გაურკვეველი ვერ იქნება კომპანიებისთვის იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში ოპერირებენ ეს კომპანიები. საუბარი მაქვს იმ ჯგუფზე, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს, ეს დაბეგვრის მექანიზმი ყველა ქვეყანაში არის ერთნაირი. ეს არის ე.წ. ჯიჯიარის დაბეგვრა. შინაარსობრივად ეს არის მიღებულ ფსონსა და გაცემულ მოგებას შორის ყოველთვიურად გაანგარიშებული ე..წ ჯიჯიარის დაბეგვრა. მაგალითისთვის, თუ კონრეტულ სათამაშო ობიექტს მთლიანი შემოსავალი თვის განმავლობაში 100 ლარი ჰქონდა და ამ 100 ლარის შემოსავლიდან მან გასცა დაახლოებით 30 ლარის მოგება, გამოდის, რომ 70 ლარი არის ე.წ. სხვაობა. შესაბამისად, 70 ლარის 10%-ს, ანუ 7 ლარს გადაიხდის კონკრეტული თვის მომდევნო თვეში ბიუჯეტში კონკრეტული ოპერატორი. ეს 10%-იანი განაკვეთი არ არის უმაღლესი, რომელიც ბევრ ქვეყანაში გვხვდება. არის ქვეყნების გარკვეული რაოდენობა, სადაც 10%-ზე მაღალი არის ეს განაკვეთი. შესაბამისად, ამ მიმართულებით არ მგონია, ისეთი ნორმა შემოდის, რომ კომპანიები ამ ტვირთს ვერ აიღებენ“, – განაცხადა ხუციშვილმა.