სამი უფრაქციო დეპუტატი პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნის არსებული წესის გამარტივების ინიციატივით გამოვიდა

3 უფრაქციო დეპუტატი: პაატა მანჯგალაძე, თეონა აქუბარდია და სალომე სამადაშვილი საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური ჯგუფის შექმნის არსებული წესის გამარტივების ინიციატივით გამოდიან. დეპუტატებმა რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებები უკვე მოამზადეს და მათ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარადგენენ.

დეპუტატების განმარტებით, პროექტში აღნიშნულია, რომ უფლებამოსილება შეუწყდა მამუკა ხაზარაძესა და ზურაბ-გირჩი ჯაფარიძეს, რის გამოც „ლელოსა“ და „რეფორმების ჯგუფის” ფრაქციები დაიშალა. დეპუტატების თქმით, იმისთვის, რომ პარლამენტში შენარჩუნებული იყოს პოლიტიკური პლურალიზმი, ძალთა თანაფარდობა და შენარჩუნებული იყოს სტატუს-კვო, საჭიროა, აღნიშნულ ძალებს მიეცეთ პოლიტიკურ ჯგუფად ფორმირების სამართლებრივი შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, ისინი ინიციატივით გამოდიან, პარლამენტის არანაკლებ ორ წევრს შესაძლებლობა ჰქონდეს, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი შექმნან.

დღეს მოქმედი რეგლამენტით, პოლიტიკური ჯგუფის შექმნა ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ არანაკლებ ორ დეპუტატს შეუძლია და პოლიტიკური ჯგუფებად ვერ ერთიანდებიან სხვადასხვა პარტიების სიით გასული ის დეპუტატები, რომლებიც ახლა პარლამენტის უფრაქციო წევრები არიან.

შეგახსენებთ, რომ „ლელოს“ სიით გასულმა დეპუტატებმა ბადრი ჯაფარიძემ, დავით უსუფაშვილმა და ანა ნაცვლიშვილმა სამკაციანი პოლიტიკური ჯგუფი უკვე შექმნეს, პოლიტიკურ ჯგუფს კი ვერ ქმნიან „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ არა ერთი პარტიის, არამედ საარჩევნო ბლოკის სიით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები