გადაამეტეს თუ არა უფლებამოსილებას გუშინ სასამართლოსთან სამართალდამცველებმა – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, შესული შეტყობინებების საფუძველზე, 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობასთან გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტებზე დაიწყო.
„სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია; მიმდინარეობს საქმესთან შემხებლობაში მყოფ პირთა, მათ შორის აქციის მონაწილეთა გამოკითხვა; სხვადასხვა საჯარო უწყებიდან მოთხოვნილი იქნა გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაცია და დოკუმენტაცია; სასამართლოში წარდგენილი იქნა შუამდგომლობა ტელეკომპანიებიდან გამოძიების მიზნებისთვის მნიშვნელოვანი ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის თაობაზე.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას“, – ნათქვამია განცხადებაში.