ჯარჯი წიკლაური – გირგვლიანზე: 28 წლის ბიჭი მოკლეს წამებით, ყელი გამოჭრეს, ეს დასტურდება ჩვენი მტკიცებულებებით და ამაზე ბრალდებული სააკაშვილი გვითითებს, რომ „პიარულია”

“28 წლის ბიჭი მოკლეს წამებით, ყელი გამოჭრეს, ეს დასტურდება ჩვენი მტკიცებულებებით და ამაზე ბრალდებული სააკაშვილი გვითითებს, რომ ეს არის „პიარული“, – ამის შესახებ პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, როდესაც სანდრო გირგვლიანთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ამასთან, პროკურორის განცხადებით, 7 ნოემბრის საქმეს სააკაშვილმა “მანიაკალური გამოძიება” უწოდა, „საქმეს, რომელსაც 100 დაზარალებული ადამიანი ჰყავს, რომელთაგან დღეს ბევრი უკვე ცოცხალიც აღარ არის“.

„ჩვენი განსახილველი საქმე სასამართლოს კარგად მოეხსენება, რომ, პირველ ყოვლისა, გირგვლიანის საქმეს ეხება. იმიტომ, რომ გააშუქა „ტელეიმედმა“ ეს საქმე, ამიტომ დაარბიეს. გირგვლიანის საქმეზე დღეს მოვისმინეთ, რომ არის მოგონილი და „პიარული“ საქმე“, – განაცხადა პროკურორმა.

როგორც მან აღნიშნა, ამ საქმეში არსებული ვიდეომასალა უნდა გამოიკვლიონ.

„28 წლის ბიჭი მოკლეს წამებით, ყელი გამოჭრეს და ეს დასტურდება ჩვენი მტკიცებულებებით და ამაზე ბრალდებული გვითითებს, რომ ეს არის პიარული და შეიწყალა მან მკვლელები, რომ დამკვეთები და დათა ახალაია და მანიაკები არ ემხილა. ეს იყო გირგვლიანის საქმე და ერთი საათი გვიწევს იმის მოსმენა, რომ ეს საქმე “პიარულია” და არ არსებობს და ჩვენ ვყოფილვართ მანიაკები, რომ 7 ნოემბრის საქმეზე გამოძიება ჩავატარეთ. ათობით, ასობით დაზარალებული გვიყურებს, მათ აინტერესებთ მტკიცებულებების შინაარსი და არა პოლიტიკური ლოზუნგები და სანახაობის მოწყობა. ჩვენ მოგვეცით საშუალება, რომ მტკიცებულებები წარმოვადგინოთ. ადვოკატების მხრიდან ხელშეშლით, რომ არ მოისმინოს საზოგადოებამ ეს მტკიცებულებები, ეს ჩვენ ხელს ვერ შეგვიშლის. ვერც ნიკა გვარამიას მუქარები და სხვა ვერ დაგვაბრკოლებს. ჩვენ უარს არ ვამბობთ მოვალეობის შესრულებაზე და ნება იბოძეთ, მოუსმინეთ ამ მტკიცებულებებს. თუ გინდოდათ, რომ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფს მართლმსაჯულებაში მიეღო მონაწილეობა, მართლმსაჯულება არის მტკიცებულებების გამოკვლევა და პასუხის გაცემა იმ შეკითხვებზე, რაც არსებობს სააკაშვილის მიმართ. ბრალდებულმა ეს არ ისურვა და დატოვა დარბაზი. მე მინდა, ამაზე ხაზგასმა გავაკეთო, რომ თქვენი მსგავსი დესტრუქციული გამოსვლები და ჩვენი შეურაცხყოფა მაინც ვერ შეაჩერებს მართლმსაჯულების პროცესს. ამ მტკიცებულებებს, ამ პროცესზე თუ არა სხვა პროცესებზე მაინც წარმოვადგენთ და მიხეილ სააკაშვილს მოუწევს ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა. მინდა კიდევ ერთხელ გამოვთქვა პატივისცემა სასამართლოს მიმართ და მოგვეცეს საშუალება მტკიცებულებების გამოკვლევის“, – განაცხადა პროკურორმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები