პროკურორი: დღევანდელ პროცესზე ბრალდებული სააკაშვილისგან მოვისმინეთ ყველაფერი, გარდა იმისა, რატომ იძალადეს 7 ნოემბერს, მათ შორის, ჟურნალისტებზე, რატომ წაართვეს პატარკაციშვილის ოჯახს ქონება

მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე სიტყვით გამოსვლა საქმეს არ ეხებოდა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ვერ მოისმინეს ვერცერთი განმარტება წარდგენილ ბრალდებაზე.

„მიხეილ სააკაშვილმა ბევრი ისაუბრა სხვადასხვა ქვეყანაზე: უკრაინაზე, ვენესუელაზე, ასევე, იმ საკითხებზე, რომელიც არ ეხებოდა საქმეს, მაგრამ ვერცერთი განცხადება ვერ მოვისმინეთ „ტელეიმედის“ დარბევაზე, მაგალითად, რაც არის მთავარი ბრალდება დღეს განსახილველი საქმის. ვერცერთი განმარტება ჩვენ, ბრალდების მხარემ ვერ მოვისმინეთ თუნდაც იმ ძალადობაზე ჟურნალისტების მიმართ, რომელიც არის ძირითადი ეპიზოდი ბრალდების. ასევე, ჩვენ ვერცერთი განმარტება ვერ მოვისმინეთ, რატომ წაართვეს პატარკაციშვილის ოჯახს ქონებები“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს უახლეს ისტორიაში ორ უმძიმეს და უსასტიკეს დანაშაულზე გამოძიებას მანიაკალური და „პიარული“ უწოდა.

„ჩვენ, როცა ასეთ მძიმე საქმეებზე გვიწევს, წარმოვადგენდეთ სახელმწიფო ბრალდებას, გვაქვს მოლოდინი, რომ მინიმუმ სინანულს მაინც დავინახავთ ბრალდებულის მხრიდან. ამის სანაცვლოდ, ვნახეთ დღევანდელ პროცესზე, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ორ უმძიმეს და უსასტიკეს დანაშაულზე გამოძიებას ბრალდებულმა სააკაშვილმა მანიაკალური და „პიარული“ უწოდა.

ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ გირგვლიანის საქმე არ არსებობს და პიარულად დავარქვით. ამ უსასტიკესი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდადებულების შეწყალებას ასე აფასებს ამ საქმის ბრალდებული სააკაშვილი“, – განაცხადა პროკურორმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები