რა მოხდება ზამთარში – უკრაინა პარტიზანული ომისთვის მზადყოფნას აცხადებს

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ახალი შეჭრის სავარაუდო სამიზნე უკრაინის სამხრეთში, ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე რეგიონებია. რუსმა აგრესორმა 100-ათასიანი სამხედრო ნაწილები უკრაინის საზღვრებთან უკვე განათავსა. იმის შესახებ, რომ პუტინი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება და 2008 წლის „ქართული სცენარის“ გამეორებით იმუქრება, РБК-Украина წერს.

თუ რამდენად დიდი საფრთხის ქვეშ არიან უკრაინელები, ისიც ცხადყოფს,  რა განცხადებაც გააკეთა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა. მისი თქმით, 1-ელი იანვრიდან უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების მობილიზების მზადყოფნა ცხადდება. სწორედ 2022 წლის იანვრიდან შედის ძალაში უკრაინის პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანონი – „ეროვნული წინააღმდეგობის საფუძვლების შესახებ“. ეს კანონი სამხედრო მობილიზებას ამარტივებს, ახდენს ტერიტორიული თავდაცვის ძალების ფორმირებას და ლეგალურს ხდის „პარტიზანულ მოძრაობას“ ქვეყანაში. „საჭიროების შემთხვევაში, ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონების გაშლა მოხდება კანონის შესაბამისად. გამოყენებული იქნება რეზერვები, შეიარაღება, იქნება მეთაურიც… ამიტომ, მზად ვართ”, – აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.

საუბრები იმის შესახებ, რომ ზამთარში რუსეთის ფედერაცია უკრაინაზე ფართომასშტაბიან თავდასხმას გეგმავს, ბოლო კვირებია, გააქტიურდა. გაჩნდა არაერთი დამადასტურებელი ცნობა იმის თაობაზე, რომ კრემლი სამხედრო ნაწილების დისლოკაციას ცვლის და სამხედრო ეშელონები უკრაინის საზღვრებისკენ მიემართება. რამდენიმე დღის წინ, Conflict Intelligence Team -ის ანალიტიკოსებმა ამ მოქმედებების ამსახველი ახალი ფოტო- და ვიდეოჩანაწერები აღმოაჩინეს. ექსპერტების თქმით, რუსული ტექნიკა უკრაინის საზღვრებისკენ „შემაშფოთებელი რაოდენობით“ მიემართება. მათ დააფიქსირეს სამხედრო ტექნიკის გადაადგილება ვორონეჟის ოლქში, ასევე, ეშელონები სტავროპოლიდან ანექსირებული ყირიმის მიმართულებით. ექსპერტები თანხმდებიან, რომ ამ საჯარისო ნაწილების გადასროლა ხდება ნელი ტემპით, მაგრამ თუ მსგავსი ტემპი შენარჩუნდება, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ნაწილების რაოდენობა უკრაინის საზღვრებთან იქნება უფრო მეტი, ვიდრე ეს 2021 წლის აპრილში იყო, როდესაც რუსეთი ასევე მოსაზღვრე რეგიონებში სამხედრო ძალების მობილიზებას ახდენდა.

„ასე თუ ისე, ჩვენ ვეთანხმებით სხვადასხვა სადაზვერვო სამსახურების შეფასებას იმის თაობაზე, რომ შესაძლო ოპერაციისთვის მზადყოფნა მიღწეული იქნება მინიმუმ ახალი წლის დასაწყისისთვის“, – ამბობენ CIT-ის ანალიტიკოსები.


უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარის განცხადებით, პარალელურად, მიმდინარეობს მძლავრი პროპაგანდისტული საინფორმაციო კამპანია, რომელიც „ფაქტობრივად,  თესავს შიშს უკრაინულ საზოგადოებაში, თესავს პანიკას“. ტელეკომპანია „ინტერის“ ეთერში საუბრისას მან თქვა, რომ რუსეთი თავისი გეგმების რეალიზებისთვის ეძებს ნებისმიერ პატარა მიზეზს. უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთმა პროვოკაციისთვის შეიძლება, ნებისმიერი რამ გამოიყენოს. თუმცა, ამავე დროს, მან თქვა, რომ უკრაინა ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის. „ჩვენ არ ვცდილობთ, გავიგოთ, რა ხდება პუტინის თავში. ეს უმადური საქმეა. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ მის თავში გაჩნდეს შემდეგი აზრი: ახალი თავდასხმა უკრაინაზე ძალიან ძვირი დაუჯდება, ამიტომ, არ ღირს ამის გაკეთება“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ.

იმაზე, რომ რუსული პროვოკაციული მოქმედებები შეუმჩნეველი არც საერთაშორისო საზოგადოებისთვის  დარჩენილა,  ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებაც ცხადყოფს. მან პირდაპირ მოუწოდა რუსეთს, რომ არსებული დაძაბულობა განმუხტოს. რაც მთავარია, მან აბსოლუტურად გასაგებად თქვა, რომ თუ კრემლი უკრაინის წინააღმდეგ გაილაშქრებს, ამაზე პასუხს აუცილებლად აგებს.

მერაბ გოგოლაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები