მიხეილ სააკაშვილი: ყველაფერი გვერდზე გავწიე, ჩამოვედი საქართველოში, სადაც შეიძლება მოვეკალით, როგორც ზვიად გამსახურდია
“არასდროს ვყოფილვარ ასე კარგად, როგორც ვიყავი უკრაინაში. ამგვარად, მე ეს ყველაფერი გვერდზე გავწიე, უარი ვთქვი დროებით, ჩამოვედი საქართველოში, სადაც ზუსტად ვიცოდი ჯერ ერთი, შეიძლება, გზაში მოვეკალით, ჩამოსვლისას მოვეკალით, როგორც ზვიად გამსახურდია”, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სააკაშვილის განცხადებით, უკრაინაში ფუფუნებასა და პატივისცემაში ცხოვრობდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.
“მინდა, დავიწყო იმით, თუ რატომ ვარ დღეს ამ დარბაზში და რატომ ვარ საქართველოში. აქ ვარ იმიტომ, რომ, როგორც იცით, მე ვარ ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში იმ საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე, რომელიც დაკავებულია იმით, რომ ამზადებს უკრაინის პარლამენტისთვის რეფორმებს. პარლამენტმა ჩემი მომზადებული რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონი მიიღო. მე უკრაინაში მეკავა ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, უფრო მეტიც, “იფსოსის” გამოკვლევებით, ვის ისურვებდნენ უკრაინის პრემიერმინისტრად, ვიყავი დასახელებული. ორჯერ მაქვს ნათქვამი უარი უკრაინის პრემიერმინისტრობაზე პოროშენკოს დროს. რაც შეეხება მატერიალურ მხარეს, არასდროს ვყოფილვარ ასე კარგად, როგორც ვიყავი უკრაინაში. ამგვარად, მე ეს ყველაფერი გვერდზე გავწიე, უარი ვთქვი დროებით, ჩამოვედი საქართველოში, სადაც ზუსტად ვიცოდი, ჯერ ერთი, შეიძლება გზაში მოვეკალით, ჩამოსვლისას მოვეკალით, როგორც ზვიად გამსახურდია, ამ დილეგიდან ჩემი ცოცხალი გამოსვლის შანსი არის მინიმალური. ძალიან ბევრი ადამიანი იტყვის ალბათ იმას, რომ მე არ ვარ საღ ჭკუაზე. რამ უნდა აიძულოს ადამიანი, ამ ფუფუნებასა და პატივისცემაზე უარი თქვას ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში და გადაეშვას მორევში, საიდანაც თავის დაძვრენის შანსი არის ძალიან დაბალი”, – განაცხადა სააკაშვილმა.