შსს-მ სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე 15 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 15 პირი – პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, უკრაინის მოქალაქის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით სასამართლო პროცესის პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების კანონით დასაშვებ ნორმებს. აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ძალადობრივი მეთოდებით წინააღმდეგობა გაუწის სამართალდამცველებს, პოლიციამ, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.

სასამართლოს შენობის და ეზოს მიმდებარე ტერიტორიიდან შეკრებილებმა მოგვიანებით გადაინაცვლეს აღმაშენებლის ხეივანზე და გზის სავალი ნაწილი უკანონოდ გადაკეტეს.
სამართალდამცველთა არაერთი მოწოდების მიუხედავად გაეხსნათ გზის სავალი ნაწილი, აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები არ დაემორჩილნენ პოლიციის მითითებებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 15 პირი – პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის სამართალდარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული რჩებიან და დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. მართლწესრიგის დასაცავად იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი, ასევე ტერიტორიაზე რჩება შესაბამისი საპოლიციო ტექნიკაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, პოლიტიკურ ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები