მედია: რუსეთში 2022 წლის ოქტომბრისთვის 30-მდე ბანკი დაიხურება
რუსეთში 2022 წლის ოქტომბრისთვის შესაძლოა, 30-მდე საკრედიტო დაწესებულებამ, ანუ დაახლოებით 8%-მა შეწყვიტოს არსებობა.
ამის შესახებ გაზეთი “იზვესტია” სარეიტინგო სააგენტო Expert RA-ს მიერ მომზადებულ მიმოხილვაზე დაყრდნობით იტყობინება.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ანალიტიკოსებმა დაასახელეს მოგების შემცირება დაკრედიტების ბაზარზე ცვლილებების გამო.
როგორც გამოცემას Expert RA-ში განუმარტეს, დაბალი რეიტინგის მქონე ბანკების თითქმის ნახევარი რისკის ზონაშია.
ამავდროულად, რუსეთში ბოლო ოთხი კვარტალში 45-მა საკრედიტო ინსტიტუტმა შეწყვიტა საქმიანობა, მათ შორის, 32-მა რეგულაციების საფუძველზე, 7-მა – ლიცენზიის ნებაყოფლობით ჩაბარების შედეგად და 6-მა – რეორგანიზაციის შემდეგ სხვა ბანკებთან შერწყმის სახით.
მედია წერს, რომ ჯერ კიდევ თებერვალში სარეიტინგო სააგენტოს ექსპერტებმა არ გამორიცხეს, რომ წელს 33-მდე რუსული ბანკი დარჩეს ლიცენზიის გარეშე. სააგენტომ თავის კვლევაში მიუთითა, რომ სიტუაციაზე გავლენას ახდენს დეპოზიტებიდან რუსების სახსრების გადინება და პანდემიის დროს ეკონომიკის მდგომარეობა.
ექსპერტების აზრით, წელს საბანკო სექტორი გააგრძელებს კონსოლიდაციას უფრო დიდი მოთამაშეების მიერ შთანთქმის ან არაეფექტური ბანკების ბაზრიდან გაყვანის გზით.
2013 წელს, ელვირა ნაბიულინას რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად მოსვლის შემდეგ, ქვეყნის ბანკების თითქმის ნახევარმა დაკარგა ლიცენზია.