თბილისის დიდი ნაწილი ხვალამდე წყალს ვერ მიიღებს
მაგისტრალური არტერიის დიღმის ველზე გამავალ მონაკვეთზე ავარიული დაზიანების გამო თბილისის უბნების დიდი ნაწილი წყალს ვერ მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კომპანია 900 მმ-იან II მაგისტრალურ წყალდენზე მომხდარი დაზიანებების სალიკვიდაციოდ, დღეს ნაშუადღევიდან, გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ატარებს. გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 14:00 საათიდან წყალმომარაგება ეტაპობრივად შეუწყდა: ზაჰესის დასახლების ნაწილს, დიდი დიღმის, ’’ქოშიგორის’’, ამერიკის საელჩოს და სასოფლოს დასახლებებს, დიღმის ველზე განლაგებულ საწარმოებს და საცხოვრებელ სახლებს, სოფელი დიღომის ნაწილს და სოფელ ზურგოვანს, დიღმის მასივის I კვარტლის 16-სართულიან კორპუსებს, გოძიაშვილის, სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოთუასა და ზემო ვეძისის ქუჩებს, ასევე საქალაქო სასამართლოს, აგრარულ უნივერსიტეტს, „ფარმაკო ქიმიას“ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. წყალს დაბალი წნევით მიიღებს: ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილი – თამარაშვილის ქუჩამდე, ყაზბეგის გამზირის ქვედა ნაწილი, კანდელაკის, ბუდაპეშტისა და მათი მიმდებარე ქუჩები. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, წყლის მიწოდება ჩამოთვლილ უბნებს 7 თებერვლის დილის 08:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგება.