ნეკრესის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი გზა განახლდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კახეთის რეგიონში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ნეკრესის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის (კმ1–კმ5) პერიოდული შეკეთების სამუშაოები დაასრულა.
პროექტის ფარგლებში სრულად მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა – მოეწყო ასფალტ-ბეტონის საფარი, ტროტუარები, გაზონები, სანიაღვრე არხები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და გზასთან მიერთებები. ასევე, განთავსდა საგზაო ნიშნები და განხორციელდა სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა.
განახლებული გზა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების უსაფრთხოებასა და კომფორტს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე მომლოცველებისა და ტურისტებისთვის, რომლებიც ნეკრესის ისტორიულ-კულტურულ კომპლექსს სტუმრობენ.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 604 100 ლარით დაფინანსდა.