გვეხმარება თუ არა ტრადიციული მედიცინა კოვიდის დამარცხებაში
გვეხმარება თუ არა ტრადიციული მედიცინა კოვიდის დამარცხებაში, რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს სხვისი რჩევით მიღებულმა ხალხურმა საშუალებებმა და რითი გავიუმჯობესოთ კოვიდის დროს საერთო მდგომარეობა და იმუნიტეტი – ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა – ,,რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ინფექციონისტი ნათია შავგულიძე.
– როგორც ვიცით, კოვიდპაციენტები, ვისთანაც დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, ბინაზე მკურნალობენ. ამ ეტაპზე კოვიდის მართვა სიმპტომებიდან გამომდინარე ხდება. თუ პაციენტს აქვს ტემპერატურა 38 გრადუსი და მეტი, მას ვთხოვთ, თუ ტემპერატურა ძალიან შემაწუხებელი არ არის, ნახევარი საათი დააკვირდეს, რადგან ხანდახან ცხელება თვითლიმიტირებადიც არის და შეიძლება მედიკამენტის გარეშეც დაიკლოს სიცხემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეკომენდებულია მიეცეს სიცხის დამწევი. მოკლედ, თუ საჭიროა სიცხის დამწევ საშუალებას ვიღებთ, თუ გვახველებს – ხველების საწინააღმდეგო საშუალებას და ა.შ. და არ ვიწყებთ თვითმკურნალობას…
– ამ დროს ხშირად მიმართავენ ტრადიციულ მედიცინას…
– პაციენტს, – ყველაზე მარტივ მაგალითს მოვიტან, – ჯანსაღ კვებას და თაფლიანი წყლის მიღებას არვუკრძალავთ, მაგრამ ტრადიციულ მეთოდებში ისთუ მოიაზრება, რომ ე.წ ეთილის სპირტით, ან საოჯახო პირობებში დამზადებული არყით დეტოქსიკაცია ჩაიტაროს, დაუშვებელია. ზოგადად, კოვიდის ბედი რომ ხალხურ მედიცინას მივანდოთ, ესეც არ იქნება გამართლებული. გამიგონია,კვაწარახის დიდ რაოდენობას იღებენ, სისხლს ათხელებსო, ლიმონიანი წყლის სმა და გასტრიტით გამწვავებული პაციენტებიც მინახავს…
ჩვენი ნატურალური, ბუნებრივი პროდუქტები კარგია, მაგრამ, პირველ რიგში, ყველაფრის დოზირებაა საჭირო და მეორე, ამით პრეპარატის ჩანაცვლება არ შეიძლება. მაგალითად,ყველასთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვა, თუკი პაციენტს სჭირდება კონკრეტული სისხლის გამათხელებელი, ანუ ანტიკოაგულანტი, მას ვერ ჩაანაცვლებს ვერც კვაწარახი და ვერც ლიმონიანი წყალი. და კიდევ, შეიძლება ეს სცდება ჩვენი საუბრის თემას, მაგრამ არ შემიძლია, არ აღვნიშნო პრეპარატი კარდიომაგნილი, რომელსაც ქრონიკულად იღებენ, სჭირდებათ თუ არა. ამ დროს, საერთოდ არაფერ შუაშია კოვიდთან. კარდიომაგნილი შედედების იმ ფრაქციაზე არ მუშაობს, რომელიც ამ დროს აქტიურდება, ამ დროს სულ სხვა ჯგუფის სისხლის გამათხელებელი გვჭირდება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ კოვიდის დროს კარდიომაგნილის მოხმარებამ შეიძლება დაგვაზიანოს, მით უმეტეს, მას აქვს თავისი გვერდითი მოვლენები.
რაც შეეხება ბალახეულს – საქართველოში უყვართ და ერთ – ერთ სამკურნალო საშუალებადაა მიჩნეული, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბალახეულისგან წამლის დამზადებისას ზუსტად უნდა ვიცოდეთ დოზები და მომზადების წესი, ასევე, დღევანდელ რეალობაში და დაბინძურებულ გარემოში, დიდი მნიშვნელობა აქვს, სად იზრდება ეს მცენარე, ხომ არ მოიკრიფა იქ, სადაც ავტომანქანები მოძრაობენ. ასეთი ბალახისგან მომზადებულ ნაყენს შეიძლება ტოქსიკური ეფექტი ჰქონდეს, ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. ბუნებრივ ვიტამინებს, ჯანსაღ კვებას, ხილს, ბოსტნეულს ვურჩევთ და ვაძალებთ პაციენტებს, მაგრამ იქ, სადაც მედიკამენტია საჭირო, მას ხალხური მეთოდებით ვერ ჩავანაცვლებთ, იმიტომ, რომ ეს არის დაავადება, რომელიც სტანდარტულად ერთი გზით არ მიდის და, ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ შესწავლის საგანია, ამიტომ მასთან თამაში არ შეიძლება. კოვიდი ისეთი დაავადებაა, რომ ტრადიციულ მედიცინას შეუსწავლელად ვერ დავეყრდნობით. სახიფათოა.
– რას ურჩევდით კოვიდპაციენტებს, რისი მიღება შეუძლიათ?
– კოვიდის დროს, პირველ რიგში, სითხე მიიღონ. წყალი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის, ის შეუცვლელი საშუალებაა, მასთან ერთად, ბალანსირებული ჯანსაღი კვებახილით და ბოსტნეულით, მდიდარი საკვები – ესარის ზოგადი რეკომენდაცია, ასევე – ძილის რეჟიმის დარეგულირება, ნაკლებად სტრესული ემოციური ფონი და არა – შიმშილი.
მნიშვნელოვანია, რომ ამ დაავადების შემოტევის დროს ხელშეწყობილი იყოს ადამიანის იმუნური სისტემა და ამისათვის უნდა ავიცრათ. ამ დროს იმუნური სისტემა იძენს ახალ საბრძოლო იარაღს, ახალ მეთოდებს სწავლობს,როგორ იბრძოლოს კონკრეტული მტრის წინააღმდეგ, რომელსაც არ იცნობს, და მტერი თუ შემოვა მის ტერიტორიაზე, უკვე მომზადებული ჯარისკაცები გაუშვას მის დასამარცხებლად. თუ ბოლომდე ვერ მოკლავს, მაქსიმალურად შეასუსტოს მისი თავდასხმა. ამ პანდემიას სხვა ვერაფერი დაასრულებს, იმიტომ, რომ ეს ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება, სწრაფადგანიცდის მუტაციას. ვაქცინა კი მუშაობს და გადაგვარჩენს.