გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე განხილულ კანონპროექტებს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტით გასწორდება კოდექსით დადგენილი პროცედურული საკითხები და გადაწყვეტილების მიღების პროცესი გახდება უფრო მოქნილი. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძემ აღნიშნა, კანონპროექტით ასევე, გარდამავალი პერიოდისთვის დადგინდება უფრო ეფექტიანი რეგულაციები, რაც ტყის მართვის ორგანოებს ფუნქციონირებას გაუმარტივებს.

„ტყის კოდექსის ამოქმედების საწყის ეტაპზე, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან შევიდა, პრაქტიკაში გამოვლინდა გარკვეულ ნორმათა დახვეწისა და ახლებური საკანონმდებლო მოწესრიგების, ასევე ახალი კანონქვემდებარე აქტების მიღების საჭიროება”, განაცხადა მაია ბითაძემ. სხდომაზე განიხილეს „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2020))” შეთანხმება, რომლითაც პროექტისთვის – „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში”, გერმანიის მთავრობა გრანტის სახით დამატებით 5, 237, 625, 90 ევროს გამოყოფს.

როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განმარტა, ფინანსური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებით, რომელიც 2020 წლის 30 ივლისს გაფორმდა, გერმანიის მთავრობამ აღნიშნული პროექტისთვის 18, 500, 500 ევრო გამოყო. კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებაზე, რომლითაც დაცული ტერიტორიების საზღვრებიდან გამოტანილი იქნება დაცული ტერიტორიებისთვის არატიპური ინფრასტრუქტურა და ფიზიკური თუ იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ტერიტორიები, ასევე, სახეცვლილი ტერიტორიები, რომლებსაც არ გააჩნიათ კონსერვაციული ღირებულება. „კანონპროექტის მიღების შედეგად, თუშეთის დაცული ტერიტორიების საზღვრების დემარკაციის შედეგები აისახება კანონში”, – განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენელმა თომა დეკანოიძემ.

სხდომაზე განიხილეს ცვლილებები , რომელიც „სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონში შედის და რომლითაც აღნიშნული კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში იქნება. კომიტეტმა განიხილა ასევე ლევან იოსელიანის და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც რეგისტრირებული კატისა და ძაღლის მიტოვებისას ფიზიკური ან იურიდიული პირების მიმართ სანქციების დაწესებას ეხება.

კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, საკითხი აქტუალურია, თუმცა კომიტეტი გეგმავს შეიმუშაოს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც დაარეგულირებს როგორც ცხოველების მოვლა-პატრონობას, ასევე საკითხებს, რომელიც დაკავშირებულია გამრავლებასთან, ყოლასთან, რეგისტრირებასთან მთელ რიგ მნიშვნელოვან პროცესებთან.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას. რაც შეეხება, იოსელიანისა და ელისაშვილის ინიციატივას, კომიტეტმა მხარი დაუჭირა დათქმით: მეორე მოსმენისთვის შეიცვალოს ამოქმედების ვადა და უფრო მკაფიო გახდეს ჩანაწერი თავშესაფარში ძაღლის ჩაბარებასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები