ლიზა იასკო – მიხეილ სააკაშვილზე: ცუდია, რომ არ აქვს შესაძლებლობა, ჩაისუნთქოს ჰაერი და დაინახოს მზე

რადას დეპუტატ ლიზა იასკოს განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ კიდევ 3 კილოგრამი დაიკლო და სუსტადაა.

მისივე თქმით, სააკაშვილი გამუდმებით პალატაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას სუფთა ჰაერზე გასვლის შესაძლებლობა არ აქვს, რაც მისი რეაბილიტაციის პროცესს აფერხებს.

„ის ჯერ კიდევ სუსტადაა, მე ვიტყოდი კიდეც, რომ შეხვედრის დასაწყისში ის მომეჩვენა უფრო მეტად დასუსტებული, ვიდრე – ორშაბათს. თუმცა, ორშაბათს ვიზიტისას მე ვიყავი ძალიან შეშინებული მისი საერთო მდგომარეობით. მუდმივად უტარდება მას სხვადასხვა პროცედურა, მოდიან ექიმები, ჩვენი შეხვედრა ბევრჯერ გაწყდა იმის გამო, რომ მას უტარებდნენ დიაგნოსტიკას. ის გახდა მას შემდეგ, რაც აქ გადმოიყვანეს კიდევ 3 კილოგრამით. რა თქმა უნდა, მუდმივად იმყოფება პალატაში და იმ პოსტრავმული სინდრომით, რომელიც მას აქვს, ცუდია, რომ არ აქვს შესაძლებლობა ჩაისუნთქოს ჰაერი და დაინახოს მზე. ეს ძალიან ცუდია, რადგან ადამიანს ასეთ პირობებში გაცილებით ცუდად შეუძლია რეაბილიტირება. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, მე მოხარული ვარ ამ შეხვედრის გამო და ვფიქრობ, რომ ახლა მას ძალიან ესაჭიროება თანადგომა, როგორც ახლობლებისა და ადვოკატების მხრიდან, ასევე, რა თქმა უნდა, ხალხის მხრიდან. მისი სიცოცხლისა და გათავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება“, – განაცხადა ლიზა იასკომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები