როგორ უნდა ვმართოთ კორონავირუსი სახლის პირობებში – სპეციალისტის განმარტება

 „კოვიდ 19“-ის დადასტურებისას, ბევრი ადამიანი, რომელთა მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, ბინაზე განაგრძობს მკურნალობას. რა შემთხვევაში რჩება პაციენტი სახლში, რა სახის გამოკვლევები ან როგორი მედიკამენტოზური მკურნალობა ენიშნება მას. – ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება „ევექსი კინიკების“ კლინიკური დეპარტამენტის ამბულატორიული სერვისების კოორდინატორი ქეთევან ჩახნაშვილი.

– როდესაც პაციენტს კოვიდი უდასტურდება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი პორტალიდან დადასტურებულ შემთხვევებს „112“- ს გადაცემს. „112“ ამ შემთხვევებს  ანაწილებს მისამართების მიხედვით და პაციენტები მთელ საქართველოში, პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებელ ონლაინკლინიკებში ნაწილდებიან  გეოგრაფიული ტერიტორიული პრინციპით, ანუ თითოეულ ონლაინკლინიკას თავის „კალათაში უვარდება“ პაციენტი შესაბამისი ტერიტორიიდან. ამის შემდეგ ონლაინკლინიკიდან პაციენტს მიამაგრებენ ოჯახის ექიმს, რომელიც მას  ბინაზე უწევს მეთვალყურეობას. ყველა პაციენტი, რომლის დაავადებაც მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით, იმყოფება სახლში და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ არის. თუ პაციენტის დაავადება საშუალო სიმძიმით  (გამოხატულია პნევმონიის, ფილტვის დაზიანების სურათი, აქვთ ქრონიკული დაავადებები ან სხვადასხვა ტიპის რისკჯგუფებს წარმოადგენენ) ან მძიმედ მიმდინარეობს (გამოხატულია ფილტვის დაზიანების ხარისხი, ჟანგბადის ნაკლებობა, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მძიმდება), ასეთ შემთხვევაში ექიმი იღებს გადაწყვეტილებას – ბინაზე დატოვოს პაციენტი და სხვადასხვა ტიპის გამოკვლევა ჩაუტაროს, თუ, დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, გადაიყვანოს სტაციონარში.

– რა ტიპის გამოკვლევები უტარდებათ პაციენტებს, რომლებიც სახლში მკურნალობენ?

– ძირითადად, ოთხი ტიპის გამოკვლევა ტარდება, ესენია: სისხლის საერთო ანალიზი, ც რეაქტიული, ცილა, D-დიმერი, კოაგულოგრამა, ამ გამოკვლევებს ყველაზე ხშირად კომპიუტერული ტომოგრაფია ემატება, რომ შეფასდეს ფილტვის დაზიანების ხარისხი. თუმცა არსებობს სხვა ჩამონათვალიც… როცა ექიმი კლინიკურ მონაცემებთან ერთად გამოკვლევებს შეაჯამებს,  გადაწყვეტილებას იღებს, პაციენტი დატოვოს ბინაზე და გააგრძელოს მედიკამენტოზური მკურნალობა, თუ გადაიყვანოს სტაციონარში. სტაციონარში, ძირითადად, პაციენტების 20 პროცენტი  გადადის, დანარჩენები ბინაზე რჩებიან და ექიმის დანიშნულებით მკურნალობენ.

– სად ტარდება გამოკვლევები?

– პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ პაციენტებს ჰგონიათ,  თუ კოვიდი დაუდასტურდათ, უპირობოდ ეკუთვნით ეს გამოკვლევები, ასე არ არის, რა თქმა უნდა. ამ გამოკვლევების საჭიროებას ადგენს ექიმი. შედეგი რომ მოგვცეს, ეს გამოკვლევები  აზრიანი უნდა იყოს. მსუბუქად დაავადებული პაციენტის შემთხვევაში, ზოგადი მდგომარეობა კარგია, ცხელება არ არის, მისი მდგომარეობა დინამიკაში უმჯობესდება, მაშინ გამოკვლევები აუცილებელი არ არის, მაგრამ თუ პაციენტი დაავადების მიმდინარეობის მეექვსე და მეშვიდე დღესაც თავს ცუდად გრძნობს, მდგომარეობა რთულდება, სიცხე ისევ მაღალია, მატულობს ხველა, სატურაცია მძიმდება, ამ შემთხვევაში პაციენტს ეძლევა ელექტრონული მიმართვა, რომლის საფუძველზეც თითოეული ონლაინკლინიკა გზავნის პაციენტს მისთვის განსაზღვრულ კონკრეტულ ჰოსპიტალში (ჰოსპიტალიც ტერიტორიული პრინციპით არის მიმაგრებული ონლაინკლინიკებზე).

ამ შემთხვევაში პაციენტს ორი ალტერნატივა აქვს: თუ მას ჰყავს თავისი ტრანსპორტი, რომლითაც ის არ გაავრცელებს დაავადებას და შესაძლებლობა აქვს, მივიდეს სტაციონარამდე, მაშინ სტაციონართან შეთანხმებით იგეგმება გამოკვლევები. პაციენტი მიდის, იტარებს გამოკვლევებს და შემდეგ ეს ანალიზები იგზავნება მკურნალ ექიმთან. თუ პაციენტს არ ჰყავს ტრანსპორტი, ამ შემთხვევაში ექიმი კლინიკას აწვდის ინფორმაციას, რომ პაციენტს სჭირდება გამოკვლევა, მერე კლინიკა უკავშირდება პაციენტს, ადგენს მოსვლის გრაფიკს, და თუ იგი თავად ვერ მიდის სტაციონარში, სთავაზობენ ალტერნატიულ ტრანსპორტს. ასეთი პაციენტის გადაყვანა, ძირითადად, „112“-ის ბრიგადის მეშვეობით ხდება. კვლევების შემდეგ კი უკან აბრუნებენ.

– ეს გამოკვლევები უფასოა?

– დიახ, გამოკვლევები უფასოა, სახელმწიფო აფინანსებს.

– ვინც ბინაზე მკურნალობს, მედიკამენტებიც უფასოდ მიეწოდებათ?

– სამწუხაროდ, მედიკამენტები არ ფინანსდება, პაციენტმა თავად უნდა შეიძინოს. თუმცა, კოვიდის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შემთხვევების დროს გამოიყენება მხოლოდ სიმპტომური მედიკამენტები, როგორიცაა – პარაცეტამოლი და იბუპროფენი. ამ მდგომარეობაში ადამიანს უფრო ბევრი სითხე, ფიზიკური აქტივობა სჭირდება. თუ სახეზეა თანმხლები დაავადების მქონე ქრონიკული პაციენტი, რომელსაც ისედაც სჭირდება მედიკამენტები, მან არ უნდა შეწყვიტოს მკურნალობა, და თუ მდგომარეობა გართულდება, შესაძლოა, პაციენტს დაჭირდეს სერიოზული მედიკამენტოზური მკურნალობა, რომელიც, სამწუხაროდ, სერიოზულ ფინანსურ დანახარჯებსაც მოიცავს.

– ხშირად ადამიანი შიშით ხვდება ვირუსს, პანიკაში ვარდება, ეჩვენება, რომ იხუთება… როგორ არკვევს ექიმი დისტანციურად, რეალურად როგორაა პაციენტი?

– საამისოდ არსებობს ანამნეზის შეგროვების სპეციალური ტექნიკა, რომელიც დისტანციური კონსულტაციის დროს გამოიყენება. თუ ტელეფონით მოწოდებული ინფორმაცია არ კმარა, ექიმი ვიდეოზარით უკავშირდება პაციენტს. შეიძლება პაციენტმა გითხრას, რომ ცუდადაა, მაგრამ ყველა მონაცემის ნახვისას, ექიმი მიხვდეს, რომ არაფერი ხდება.  სხვათა შორის, პაციენტების საკმაოდ დიდ რაოდენობას აქვს ემოციური ფონი, შფოთი და ზუსტად ეს არის ექიმის კომპეტენცია, რომ დაამშვიდოს პაციენტი. სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით შეგროვებული ინფორმაციის შეჯერებით ექიმი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. არსებობს ასეთი პრაქტიკაც –  თუ პაციენტი ექიმს ვერ აწვდის ამომწურავ ინფორმაციას ან ზედმეტად აღგზნებულია, ანდა ზედმეტად ემოციური, ასეთ დროს მას ეგზავნება „112“ -ის ბრიგადა, რომელიც ადგილზე აფასებს პაციენტის მდგომარეობას. ექიმი, შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას – პაციენტი შინ დატოვოს თუ სტაციონარში გადაიყვანოს.

 

– თუ გქონიათ  ისეთი შემთხვევა, როცა პაციენტს ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა?

– ზოგადად, ამ პანდემიის პერიოდში, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებმა იმატა…  კოვიდდადასტურებულ პაციენტებს ხშირად სჭირდებათ ფსიქოლოგის, ფსიქიატრის თანადგომა, პოსტტრამვული სტრესული აშლილობებიც კი აქვთ დაავადების დამარცხების შემდეგ და დიდი დრო სჭირდებათ რეაბილიტაციისთვის, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ფსიქო – სოციალურ რეაბილიტაციას. დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, არსებობს ერთ – ორი „ცხელი ხაზი“, რომელზეც პაციენტს შეუძლია დარეკოს და მიიღოს დახმარება, თუმცა, სამწუხაროდ, მოთხოვნა რეალურად აჭარბებს მიწოდების ხარისხს.

– ხშირად წერენ სოციალურ ქსელში, რომ ავად არიან და ოჯახის ექიმი არ ეხმიანებათ,   როგორ უნდა მოიქცეს  ასეთ დროს პაციენტი?

– ეს განპირობებულია იმით, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდია ვირუსის გავრცელების არეალი, მატულობს მომართვიანობა და ექიმების რაოდენობა იგივე რჩება.  შეიძლება ექიმს დასჭირდეს ერთი – ორი დღე პაციენტთან დასაკავშირებლად. მიზეზი შესაძლებელია, ტექნიკური ხარვეზიც იყოს, რაც  ერთადერთი მიზეზით აიხსნება – გადატვირთულობით და მეტი არაფრით. დამერწმუნეთ, არცერთი ექიმი დროს ტყუილად არ ხარჯავს, ექიმები 2 წელია არანორმალურ რეჟიმში მუშაობენ.

მესმის, რომ ამის გაგება პაციენტებისთვის ძალიან რთულია, მაგრამ ცოტა ექიმებსაც  უნდა გაუგონ და ყველაფერს გაგებით მოეკიდონ. აიცრან და ყველაფერი  კარგად იქნება. არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, 15 მარტიდან 1 ოქტომბრამდე, რაც ვაქცინაცია დაიწყო, კოვიდდადასტურებული შემთხვევების 95 %, ჰოსპიტალიზებული პაციენტების 94% და გარდაცვლილი პაციენტების 98% არ არის ვაქცინირებული. მარტივი მათემატიკაა. მეტი რა უნდა ვთქვათ ვაქცინაციის ეფექტიანობაზე?!

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები