ლევან დავითაშვილი: ჩვენი მიზანია, გავააქტიუროთ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც შრომისუნარიანია და სოციალური დახმარების მიმღებია
“სოციალური პოლიტიკასთან დაკავშირებული კონკრეტული ახალი ინიციატივა, რომელიც დღეს პრემიერმინისტრმა გააჟღერა, მნიშვნელოვანია”, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „ქრონიკაში“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
„კონკრეტულად ჩვენ უნდა გავააქტიუროთ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც შრომისუნარიანია, სოციალური დახმარების მიმღებია, მათი გამოყენება, კარგი გაგებით, ქვეყნის მშენებლობაში ძალიან მნიშვნელოვანია. პრემიერის ახალი ინიციატივა ორ რამეს ისახავს მიზნად – პირველი, რომ უკეთესი იყოს მათი სოციალური პირობები და მეორე, გამოვიყენოთ ეს რესურსი ქვეყნის მშენებლობისთვის, ეკონომიკის წინსვლისთვის და ამის პოტენციალი ნამდვილად არსებობს. ამისთვის გამოდგება ევროპის ქვეყნებში არსებული წარმატებული მაგალითები და, რა თქმა უნდა, ამის სწორად ადაპტირებაა აუცილებელი. ჩვენი რეალობის გათვალისწინებით, ვერ მოხდება ამის კოპირება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინიციატივა სოციალური პოლიტიკის პროგრესის ჭრილში კარგად ჯდება და მართლაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის,“- აღნიშნა დავითაშვილმა.
დღეს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა სოციალური პოლიტიკის ახალ ხედვაზე დაფუძნებულ პროგრამაზე მუშაობს. ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, იგეგმება სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელსაც ვიცეპრემიერი – ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს.
„ნაცვლად სოციალური დახმარებისა, შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ – დაახლოებით, 600 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს და მათგან თითქმის ნახევარი შრომისუნარიანია“, – აღნიშნა პრემიერმა.