„სახალხო დამცველს პროცედურული მიზეზით ეთქვა უარი სარჩელზე, რომელიც მან წარადგინა სტრასბურგში”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კომპეტენტურობა სახალხო დამცველის ინსტიტუტის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.
„სახალხო დამცველს პროცედურული მიზეზით ეთქვა უარი სარჩელზე, რომელიც მან წარადგინა სტრასბურგში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ, სამწუხაროდ, კომპეტენტურობა დღეს ამ ინსტიტუტის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის და ეს, რა თქმა უნდა, დადებითად არ აისახება ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე საზღვარგარეთ. რაც შეეხება პოლიტიკურ მიკერძოებას, ამას აქვს თავისი მიზეზი. თავის დროზე, როდესაც მოხდა მისი {ნინო ლომჯარიას} განწესება ამ თანამდებობაზე, ამას წინ უსწრებდა პოლიტიკური კონსულტაციები. როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ჩვენ ეს თანამდებობა მაშინ რეალურად ოპოზიციას დავუთმეთ და ის დღეს შესაბამის პოლიტიკური პარტიის კურსს ატარებს“, – განაცხადა კობახიძემ.
19 ნოემბერს სახალხო დამცველის ოფისმა სტრასბურგის სასამართლოსგან წერილი მიიღო, სადაც სასამართლო აღნიშნავს, რომ სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვაზე ომბუდსმენის აპარატს უარს ეუბნება.