მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მარიამ ჯიშკარიანს გამოკითხავენ
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანურ მოპყრობაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაკითხვები გრძელდება. დღეს გამოკითხვაზე ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანია დაბარებული.
“მივაწოდებთ ინფორმაციას, რაც ჩვენთვის არის და შესაძლებელია, იყოს საუბარი დასკვნაზე, რომელიც ცენტრმა “ემპათიამ” გასცა წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით. არაადამიანური მოპყრობის ფაქტებიდან გამომდინარე, არაადეკვატური სამედიცინო მომსახურებიდან გამომდინარე,(ვიცით, რომ საკმაოდ გვიან იყო გადაყვანილი გორის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილი) შესაძლებელია, ზიანი მიადგა მის ჯანმრთელობას და ეს ზიანი უნდა შეფასდეს”, – თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.
შეგახსენებთ, რომ ინსპექტორის სამსახურში უკვე გამოიკითხა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კომისიის ყოფილი წევრი – ზურა ფაღავა და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელი.