ანა დოლიძე: საჭიროა, მოსამართლეთა დანიშვნა შეჩერდეს და რეალური რეფორმა განხორციელდეს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების მხარდაჭერით

“თუ ვინმე არის სახე იმ რეპრესიული სისტემის, რომელიც “ოცნებას” უნდა დაემთავრებინა, ეს არის მოსამართლე ნინო სანდოძე და წარდგენილია უზენაეს სასამართლოში”, – ამის შესახებ პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, საჭიროა, მოსამართლეთა დანიშვნა შეჩერდეს და რეალური რეფორმა განხორციელდეს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების მხარდაჭერით.

“ქართული ოცნების” ფარისევლობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი აგრძელებენ იმ მოსამართლეების დანიშვნას, რომლებიც იყვნენ უშუალო შემსრულებლები რეპრესიული სისტემის “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს, რომლებსაც ისინი, თითქოს და, პოლიტიკურად ებრძვიან. ვითომ, ერთი ხელით “ნაციონალურ მოძრაობას” ებრძვიან, მეორე ხელით ნიშნავენ მოსამართლეებს, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ იმ რეპრესიას, რომელიც იმ პერიოდში ხდებოდა. მაგალითად, დღეს წარმოდგენილი მოსამართლე ნინო სანდოძე, არის მოსამართლე, რომელიც მორჩილად, თავაუწევლად ემსახურებოდა 9- წლიან რეჟიმს “ნაციონალური მოძრაობის” დროს, არ აქვს გამოტანილი არცერთი გამამართლებელი განაჩენი, ის არის გია გვიჩიანის განაჩენის ავტორი, რომელიც შემდეგ უდანაშაულო აღმოჩნდა და გათავისუფლდა. თუ ვინმე არის სახე იმ რეპრესიული სისტემის, რომელიც “ოცნებას” უნდა დაემთავრებინა, ეს არის მოსამართლე ნინო სანდოძე და წარდგენილია უზენაეს სასამართლოში. აქ მდგომარეობს “ოცნების” ფარისევლობა, რომელიც თან ვითომ ებრძვის “ნაციონალებს” და როცა აწყობთ, ნიშნავენ მოსამართლეებს, რომლებიც ახორციელებდნენ რეპრესიულ რეჟიმს”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით განხილვები იწყება. დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიების და მათი მოსმენის პროცედურაზე შეთანხმების საკითხი განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები