ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, სასამართლო განჩინების საფუძველზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც იყო საქართველოში რეგისტრირებული 8 კომპანიის ფაქტობრივი მმართველი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2019-2020 წლებში, მისი მართვს ქვეშ მყოფ კომპანიებს შორის გაწერა ჯამში 3 000 000 ლარზე მეტი ღირებულების სამშენებლო-სარემონტო მომსახურების მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რა გზითაც აღნიშნულ მეწარმე სუბიექტებს შეუქმნა დაახლოებით 500 000 ლარის ოდენობის დამატებული ღირებულების გადასახადის ე.წ. ფიქტიური აქტივი, რომლის ნაწილს – 157 435 ლარს იგი თაღლითურად დაეუფლა, ხოლო ნაწილი გამოიყენა კომპანიებზე რიცხული საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი, 180-ე და 185-ე მუხლების მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.