პროკურორი – მეგის ქარდავას განცხადებაზე: მინდა დავადასტურო, რომ კადრები ნამდვილად უკრაინაში მდებარე მისი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს, ეს დოკუმენტურად არის დადასტურებული

მეგის ქარდავას მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებით დავიწყებ. მან განაცხადა, რომ ეს ვიდეოკადრები მისი ბინის ჩხრეკისას არ ამოუღიათ. მინდა დავადასტურო, რომ კადრები ნამდვილად უკრაინაში მდებარე მისი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს, ეს დოკუმენტურად არის დადასტურებული და ამის გადამოწმება მარტივად შეიძლება,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას საქმის პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ რუსთავის ციხესთან ჟურნალისტებს განუცხადა.

პროკურორის თქმით, რუსთავის ციხეში გამოძიება მეგის ქარდავას ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით დაუსვამს კითხვებს.

“განცხადებაში მეგის ქარდავას არაფერი უთქვამს ვიდეოკადრების შინაარსობრივ მხარეზე, ერთი სიტყვაც არ უთქვამს და ჩვენთვის ეს უფრო საინტერესოა. მოვედით დაწესებულებაში, რომ ამ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიებამ მეგის ქარდავას კითხვები დაუსვას. თუ რამის თქმა უნდა, ან პრეტენზია გააჩნია, შეუძლია გვითხრას. გამოქვეყნებული კადრები მისი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული კადრების ნაწილია, ამაზე მძიმე კადრები და უმძიმესი კატეგორიის დანაშაულებია, ეს კადრები შედარებით მსუბუქი იყო და აქედან გამომდინარე ჩავთვალეთ, რომ ამის ჩვენება შეიძლებოდა. ისეთ საქმეებზე, რომლებზეც გამოძიება მიმდინარეობდა და კადრების მიხედვით ეპიზოდები დაემთხვა, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს დაერთვება. თუ რამე ახალი დანაშაულის შემცველი ინფორმაცია იქნება კადრებზე, ბუნებრივია, გამოძიება დაიწყება. ჩვენ მიერ გავრცელებულ კადრებზე ბრალდებულია მეგის ქარდავა და სამართლებრივი და უსაფრთხოების რეჟიმის იმჟამინდელი უფროსები.

გახსოვთ, 2011 წელს ე.წ. ტერორისტების დაკავების სერიები იყო, ერთ-ერთ ეპიზოდში ამ საქმის დაზარალებული იყო ნარკოტიკებზე დაკავებული, რომელიც გლდანის მე-8 დაწესებულებაში გადმოიყვანეს. მისი სასტიკი მოპყრობის მიზანი იყო არარსებულ ტერორისტულ აქტებზე აღიარებითი ჩვენების მიცემა. ამ საქმის აბსურდულობა ის გახლვათ, რომ მიუხედავად აღიარებითი ჩვენების მიცემისა, ამ კაცზე დევნაც არ დაწყებულა ტერორისტული აქტის ბრალდებით. კადრებში სასტიკი მოპყრობა პირდაპირ არის აღბეჭდილი – დაზარალებულის დახვრეტის ინსცენირება, გაუპატიურების იმიტაცია და ა.შ.”,- განაცხადა კოტრიკაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები