ამერიკული მხარის ორგანიზებით მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებული კიბერდანაშაულის გამოძიების საკითხებზე უწყებათშორისი სწავლება დასრულდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა  მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებული კიბერდანაშაულის გამოძიების საკითხებზე უწყებათშორის სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ორგანიზებით ჩატარდა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ტრენინგს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ინსტრუქტორები და უცხოელი ექსპერტები უძღვებოდნენ.
“სწავლების დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – ალექსანდრე დარახველიძე, აშშ-ის ელჩი საქართველოში – კელი დეგნანი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე – აკაკი საღირაშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე – ალექსი ბატიაშვილი, რომლებმაც მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.
ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: მასობრივი განადგურების იარაღი და კიბერსაფრთხეები, ციფრული მტკიცებულებების შენახვა, ღია წყაროებიდან ინფორმაციის მოძიება, გამოძიების მეთოდები მობილური მოწყობილობის გამოყენებით და სხვ.
სწავლებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გარდა, მონაწილეობდნენ ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები.
თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო (DTRA) აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციას, საერთაშორისო თანამშრომლობას, ასევე, რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ღონისძიებებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები