დიმიტრი ხუნდაძე: გამორჩეულად გახარებული ვარ, რომ ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა, მისი მდგომარეობა იყო საყურადღებო, რადგან ის რეალურად შიმშილობდა
“მოხარული ვარ იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით. დაცული იქნება პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. გამორჩეულად გახარებული ვარ, რომ ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. მისი მდგომარეობა იყო საყურადღებო, რადგან ის რეალურად შიმშილობდა და რეალური საფრთხე იდგა მისი ჯანმრთელობის კუთხით”, – ამის შესახებ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
„მე და დავით სერგეენკომ, როგორც ექიმებმა, საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ეს ვიზიტი გაგვეკეთებინა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. თვითონ მსჯავრდებული არ გვინახავს, მოვერიდეთ მის ზედმეტ დაძაბულობას. ჩვენ გავეცანით სამედიცინო დოკუმენტაციას, ვესაუბრეთ მთავარ ექიმს, მის მკურნალ ექიმს, რეანიმატოლოგს. მინდა მათ მადლობა გადავუხადო მაღალი პროფესიონალიზმისთვის, ყურადღებისთვისა და პასუხისმგებლობისთვის“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.