ნიკოლოზ სამხარაძე: ის ფაქტი, რომ ჩვენი ქვეყანა წარმატებით უმკლავდება არსებულ და ახალ გამოწვევებს, დიდწილად, ჩვენი დიპლომატების მაღალი პროფესიონალიზმის დამსახურებაა

„საგარეო ურთიერთობები განსაკუთრებულ როლს თამაშობს ნებისმიერი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში. განსაკუთრებით კი, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო. არსებული საგარეო გამოწვევები, ისევე როგორც არაპროგნოზირებადი გლობალური გარემო, ქმნის რისკებს და დაბრკოლებებს. ის ფაქტი, რომ ჩვენი ქვეყანა წარმატებით უმკლავდება არსებულ და ახალ გამოწვევებს, დიდწილად, ჩვენი დიპლომატების მაღალი პროფესიონალიზმის დამსახურებაა”, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც კანონმდებლებმა მინისტრის საათის ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს მოუსმინეს.

ნიკოლოზ სამხარაძემ ქვეყნის საგარეო მიმართულების პრიორიტეტებზე და არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროს მიერ გაწეული მუშაობა და მისი სამომავლო გეგმები, სრულ თანხვედრაშია 2020 წლის დეკემბერში საგარეო პრიორიტეტების შესახებ პარლამენტში მიღებულ რეზოლუციასთან.

„საქართველომ, ბოლო წლებში განხორციელებული წარმატებული რეფორმებით, პრაქტიკულად ყველა სფეროში დიდი ნაბიჯები გადადგა. სამწუხაროდ მძიმე რეალობამ, რომელიც შექმნა კოვიდპანდემიამ მსოფლიოში, ბევრი სიძნელე შეუქმნა არა მხოლოდ ჩვენს დიპლომატებს, არამედ – მთლიანად სახელმწიფოს. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით სწრაფი ადაპტაცია, რის შედეგადაც ქვეყანამ მნიშნელოვანი პროგრესი განიცადა. მათ შორის, ეკონომიკის აღდგენის, დემოკრატიის განმტკიცებისა და ზოგადი განვითარების მიმართულებით. სამწუხაროდ, წარმატებების პარალელურად, ჩვენს წინაშე არაერთი საფრთხე და გამოწვევაა.

ოკუპირებული რეგიონების საკითხი აფერხებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. დეოკუპაციის პროცესის ხელშეწყობა და ხელშესახები პროგრესის მიღწევა საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით, კვლავ რჩება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმთავრეს ამოცანად.

განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო ჩვენი დიპლომატების დაუღალავი შრომა, რომელიც გამოიხატება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისადმი უპირობო საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაში. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ყველა ჩვენი მიღწევა მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენოთ საერთაშორისო ასპარეზზე და მოვახდინოთ საქართველოს ტერიტორიების საკითხისა ირგვლივ კიდევ უფრო დიდი საერთაშორისო მობილიზება, რამაც,  ჯამურად, უნდა მიგვიყვანოს პროცესის პოზიტიურად დასრულებამდე”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები