ხატია წილოსანმა პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ხატია წილოსანმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში, სადაც პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

პარლამენტის ინფორმაციით, პროგრამა და სამოქმედო გეგმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) წარადგინეს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. დოკუმენტი მოიცავს 10-წლიან სტრატეგიას და 5-წლიან სამოქმედო გეგმას, სადაც გამოკვეთილია მიზნები და ღონისძიებები, რომელთა შესრულებაც ხელს შეუწყობს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე პლასტმასის ნარჩენებით მიღებული ზიანის პრევენციას.

„პლასტიკის ნარჩენების შემცირება ყველა ჩვენგანის ვალია და იმედი მაქვს, რომ ეს ათწლიანი სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა შესაძლებლობას მოგვცემს, მომავალში უკეთესი გარემო შევქმნათ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კავშირშია კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული ნეგატიური მოვლენების შემცირებასთან და საქართველო ძალიან ამაყობს, რომ არის ამ პროცესის მონაწილე. როდესაც ვსაუბრობთ ნარჩენების მართვაზე, პლასტიკის ნარჩენების შემცირებაზე, ეს არის თითოეული ჩვენგანის საქმე. ის გარემო, რომელშიც უნდა ვიცხოვროთ, ჩვენი შესაქმნელია, ამას არავინ გააკეთებს ჩვენ ნაცვლად და ყველა ადამიანი, რომელიც ჩართული იქნება ამ პროცესში, ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარებაში”, – განაცხადა კონფერენციაზე ხატია წილოსანმა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოში ნორვეგიის ელჩი – ჰელენ სანდ ანდერსონი, გარემოს დაცვის სპეციალისტები და ექსპერტები. კონფერენციის დარბაზში გამოფენილი იყო საქართველოში არსებული პლასტმასის ნარჩენების შემგროვებელი და გადამამუშავებელი კომპანიების ნაწარმის გამოფენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები