ირაკლი ქადაგიშვილი – სააკაშვილზე: გარედან ამხნევებენ, რომ შიმშილობა არ შეწყვიტოს, რადგან ეს პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდებათ

“პატიმრები რაღაც მომენტში წყვეტდნენ შიმშილობას, მათ ყველა მოუწოდებს ხოლმე ამისკენ, ამ შემთხვევაში კი, ცოტა სხვა რამესთან გვაქვს საქმე – გარედან ამხნევებენ, რომ შიმშილობა არ შეწყვიტოს, რადგან ეს პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდებათ – ეს მისი მომხრეების ნარატივია”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ექსპრეზიდენტის მომხრეების მიზანი ქვეყანაში არეულობის გზით ხელისუფლების ცვლილებაა.

„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე რამდენიმე საექიმო მეთვალყურეობა არსებობს. როგორც ვიცი, ამჟამად, მისი მდგომარეობა სტაბილურია. მისი მკურნალობა ადგილზე მოხდება თუ სხვა ჰოსპიტალში, ამ გადაწყვეტილებას ექიმების ოფიციალური დასკვნის საფუძველზე პენიტენციური სამსახური მიიღებს. ყველაზე მეტად თუ ვინმეა დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ჯანმრთელობის შენარჩუნებითა და მისი შიმშილობის შეწყვეტით, ეს არის ხელისუფლება, რადგან ვხედავთ, ოპოზიცია თავის პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე სპეკულირებს მისი შიმშილობით და ჯანმრთელობის მდგომარეობით. ამ შიმშილობის უკან რა დგას, ეს გასათვალისწინებელია. შიმშილობა საპატიმრო ცხოვრებისთვის დამახასიათებელია და ამის მართვა ყოველთვის ხდებოდა. პატიმრები რაღაც მომენტში წყვეტდნენ შიმშილობას, მათ ყველა მოუწოდებს ხოლმე ამისკენ, ამ შემთხვევაში კი, ცოტა სხვა რამესთან გვაქვს საქმე – გარედან ამხნევებენ, რომ შიმშილობა არ შეწყვიტოს, რადგან ეს პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდებათ – ეს მისი მომხრეების ნარატივია. სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლისა და მისი მომხრეების მიზანია ის, რომ ქვეყანაში არეულობის გზით ხელისუფლებაში რაღაც ცვლილებას მიაღწიონ, მაგრამ ხელისუფლება ყოველთვის ითვალისწინებს ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას, ამიტომ, ის იქნება დაცული და თუ აუცილებლობა დადგა, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები