მაკა ბოჭორიშვილი ირლანდიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში მეივი კოლინს შეხვდა
ირლანდიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა ირლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა ევროპის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორ მეივი კოლინსსა და ევროპის სამეზობლოს სამმართველოს დირექტორის მოადგილე კაროლინა ო’ ბაქოინთან.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ირლანდიას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, ტურისტული და კულტურული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას.
განსაკურებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებზე და სამომავლო გეგმებზე, 15 დეკემბერს დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოლოდინებზე, „ასოცირებული სამეულის” მიზნებსა და ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს როლზე.
მაკა ბოჭორიშვილმა მადლიერება გამოხატა ირლანდიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ, რაც არაერთხელ იქნა ასახული ირლანდიის მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებებში. შეხვედრაზე მეივი კოლინსმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს და მიღწეულ წარმატებას. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ირლანდია აქტიურად გააგრძელებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის უპირობო მხარდაჭერას და ამ მიმართულებით ირლანდიის გამოცდილების გაზიარების მზაობა გამოთქვა. საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირლანდიის რესპუბლიკაში, გიორგი ზურაბაშვილი.