შალვა პაპუაშვილი: კარგი იქნებოდა, სააკაშვილისთვის შიმშილობის შეწყვეტისკენ მოეწოდებინათ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნას გამოეხმაურა.
“ამ დღეებში ჩვენი მხრიდან სულ ისმოდა მოწოდება, ეთქვათ, რა არის ის სერვისი, რომელიც სჭირდება მიხეილ სააკაშვილს და ვერ იღებს.
არ ვიცი, ამაზე პასუხი ექნება ალბათ პენიტენციურ სისტემას. ერთი რამ, მე რაც მომხვდა თვალში, იყო ის, რომ ეს ჯგუფი იმის ნაცვლად, რომ შეესწავლათ შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია როგორ არის, საუბრობენ იმაზე, თუ როგორ მართონ მოშიმშილე პატიმარი. სააკაშვილი ამბობს, რომ თუ სამოქალაქოში გადავა, შეწყვეტს შიმშილობას, ამიტომ, ეს არარელევანტურია. სამედიცინო შეფასებებს მე ვერ გავაკეთებ, შესაბამისი პროფესიონალები გასცემენ ამას პასუხს. უბრალოდ, რასაც მე შევხედე, იმის ნაცვლად, ემსჯელათ შიმშილობა როგორ იმართოს, კარგი იქნებოდა, მოეწოდებინათ შიმშილობის შეწყვეტისკენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი, ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ ჰოსპიტალში.