თეა წულუკიანი: მინდა, კიდევ ერთხელ ყველა იმ პატიმარს, რომელიც დღეს საპატიმროში შიმშილობს, მოვუწოდო შიმშილობის შეწყვეტისკენ
ვიცეპრემიერ თეა წულუკიანის განცხადებით, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ისეთივე პატიმარია, როგორც ნებისმიერი სხვა. ამასთან, წულუკიანმა ყველა იმ პატიმარს, რომელიც საპატიმროში შიმშილობს მოუწოდა, რომ პროტესტი სხვა ფორმით გამოხატონ.
“სხვა მხრივ ეს პატიმარი ზუსტად ისეთივე პატიმარია, როგორიც ნებისმიერი სხვა და მინდა, კიდევ ერთხელ ყველა იმ პატიმარს, რომელიც დღეს საპატიმროში შიმშილობს, მოვუწოდო შიმშილობის შეწყვეტისკენ, რადგან ეს არის პროტესტის ის ფორმა, რომელიც სერიოზულად აზიანებს ჯანმრთელობას. მინდა ყველას მოვუწოდო – თუ პროტესტის გრძნობა გვაქვს, ეს პროტესტი გამოვხატოთ სხვა ფორმით და არა ჩვენი შვილების, ოჯახების წევრების ნერვიულობის ფასად და საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.