საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატები დაასახელა.
ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე უწყების ხელმძღვანელის მოქმედი პირველი მოადგილე ოთარ დანელია, სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრად საგზაო დეპარტამენტის უფროსი დავით შავლიაშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად კი უკვე ყოფილი მინისტრის მოადგილე გელა დუმბაძეა წარდგენილი. კულტურის მინისტრობის კანდიდატს კი პრემიერი მაქსიმუმ ხვალ დილისთვის დაასახელებს.
“ვიცი რომ კულტურის მინისტრთან დაკავშირებით საზოგადოებაში დიდი ინტერესი არსებობს. ეს გახლავთ ერთ-ერთი საპასუხისმგებლო სამინისტრო. მინისტრს ყურადღებით ვარჩევთ. გვაქვს რამდენიმე კანდიდატურა და დღეს საღამოს თუ არა მას ხვალ დილით დავასახელებთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, მას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს, ხოლო გარემოს დაცვის სამინისტროს ელგუჯა ხოკრიშვილი ჩაუდგება სათავეში.
მთავრობაში 7 საკადრო ცვლილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება გუშინ, საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა. მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტს ეცნობება, რის შემდეგაც ქვეყნის პირველი პირი ნდობის მოსაპოვებლად საკანონმდებლო ორგანოს 7 დღის ვადაში მიმართავს. კონსტიტუციის მიხედვით, მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა თავიდან უნდა გამოუცხადოს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=0JvpEjlq0pw” width=”560″ height=”315″]