რუსეთი „არასოდეს გეგმავდა“ არსად შეჭრას -კრემლის მორიგი ტყუილი

ვლადიმერ პუტინის სერიოზული შიდა პრობლემებისა და რეიტინგის დაცემის კვალდაკვალ, კრემლი კვლავ საგარეო ასპარეზზე თავის გამოჩენასა და რუსული იმპერიული სულისკვეთების აფიშირებას ცდილობს. კრემლს მშვიდობის ყოველთვის ეშინოდა, შინ და გარეთ, ახლაც არაფერი შეცვლილა. როგორ დაიპყროს მეზობლები, როგორ მოახდინოს დესტაბილიზაცია საზღვრებს გარეთ – ეს არის მთავარი საზრუნავი იმ რეჟიმისა, რომელსაც საკუთარ სახელმწიფოში დემოგრაფიული კატასტროფა აქვს. ბოლო დღეებია, რუსეთი უკრაინის მიმართულებით გააქტიურდა, ცალკე ბელარუსის ხელით ცდილობს, ევროკავშირს პრობლემები შეუქმნას.

13 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე ღიად განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან თითქმის 100 ათასი რუსი ჯარისკაცი იმყოფება. მისი თქმით, ინფორმაცია რუსეთის ჯარის აქტიური გადაადგილების შესახებ უკრაინის საზღვრის სიახლოვეს, კიევს დასავლეთის ქვეყნებმა კიევს გადასცეს. შესაბამისად, რუსული ჯარის ასეთი აქტიური გადაადგილების გამო, გაჩნდა განცდა, რომ კრემლი უკრაინაში მორიგ შეჭრას აპირებს. „ვიმედოვნებ, რომ მთელი მსოფლიო ახლა ნათლად ხედავს, ვის უნდა სინამდვილეში მშვიდობა და ვინ ახდენს თითქმის 100 000 ჯარისკაცის კონცენტრირებას ჩვენს საზღვართან“, – განაცხადა ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ. იმავე დღეს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ კიევის მიერ არაკონტროლირებად, დონბასის რეგიონებში თავმოყრილია 2,1 ათასი საკადრო სამხედრო მოსამსახურე – “რუსი გენერლები და ოფიცრები იკავებენ საკვანძო სამეთაურო თანამდებობებს“, – თქვა მან.

გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი მორიგი სამხედრო ინტერვენციის შესახებ კრემლი კატეგორიულად უარყოფს, თანაც – ჩვეული, უტიფარი სტილით. გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლის მოადგილე დმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი „არასოდეს გეგმავდა“ უკრაინაში შეჭრას. მისი თქმით, რუსეთი არც აპირებს ამის გაკეთებას, თუკი მის პროვოცირებას არ მოახდენენ ან ეს არ გახდება რუსეთის ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის საგანი.
თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მოსკოვს არაერთხელ დაურღვევია სხვა ქვეყნების სუვერენიტეტი და დამოუკიდებელი სახელმწიფოების ტერიტორიაზეც შეჭრილა, რაც ჩვენი და უკრაინის უახლესი ისტორიიდანაც კარგად ვიცით, კრემლის ამ აბსურდული მტკიცების არავის სჯერა. ევროკავშირმა თავისი პოზიცია უკვე მკაფიოდ დააფიქსირა. 12 ნოემბერს, ბრიუსელში, ევროკავშირის წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში – პეტერ სანომ განაცხადა –

„ჩვენ ვაგრძელებთ სიტუაციაზე დაკვირვებას და ინფორმაცია, რომელიც ამ მომენტისთვის გვაქვს, შემაშფოთებელია”. მისი თქმით, ბრუსელი მზად არის შემდგომი ნაბიჯების გამოსაკვლევად დასავლელ პარტნიორებთან ერთად. მალევე გავრცელდა საფრაგენთის პოზიციაც – „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ნებისმიერ ახალ მცდელობას ექნება საპასუხო რეაქცია“, –  ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც საფრანგეთისა და რუსეთის საგარეო და თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. ბრიტანულ მედიაში კი გაჩნდა არაოფიციალური ცნობები, რომ ინგლისის კონკრეტული სამხედრო შენაერთები უკვე მზადყოფნაში არიან, რათა, საჭიროების შემთხვევაში, უკრაინას შესაბამისი დახმარება გაუწიონ.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს მსოფლიოს მთავარი საზრუნავი პანდემიასთან გამკლავებაა, უკვე ჩანს, რომ ვლადიმერ პუტინის მორიგი მზაკვრული გეგმები შეუმჩნეველი არავისთვის დარჩა. რაც უნდა ჰქონდეს კრემლს ჩაფიქრებული, უკრაინა და საქართველო, რომლებმაც უკვე გამოსცადეს რუსული აგრესია და ოკუპაცია, არავის თავს არ ესხმიან, არავის ტერიტორიებს არ ართმევენ და საერთაშორისო თანამეგობრობა სწორედ ჩვენი ქვეყნების გვერდითაა.

სოფიო გომართელი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები