ქართულ-აფხაზური ეკონომიკური რეალობა და პერსპექტივები

კონფლიქტის გავლენა ქართულ და აფხაზურ ეკონომიკურ შესაძლებელობებზე
იშვიათ გამონაკლის შემთხვევებში შეიარაღებული კონფრონტაცია ქვეყნის მდგრად განვითარებას ასაზრდოებს. თუმცა, აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევებში პირიქით – ყოველმხრივ წინაღობათა ხაფანგში აქცევს. შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უფრო მაღალია ალბათობა ქვეყნის მრავალმხრივი ჩამორჩენილობისა, რომელიც მათ შორის დაბალხარისხიან განათლებაში, სუსტ ჯანდაცვაში, კრიმინალურ გარემოში, არასტაბილურ საინვესტიციო პირობებსა თუ სხვა ფაქტორებით შეიძლება გამოიხატებოდეს.
პოსტ საბჭოთა სივრცეში კონფლიქტებმა მრავალი ქვეყნის განვითარების ტრენდი შეცვალეს, მათ შორის საქართველოსიც. თუმცა, პრაქტიკა ცხადყოფს, რომ პირველადი შოკის და სტაგნაციის შემდგომ, დაპირისპირებულ მხარეებს ლიმიტირებულად, მაგრამ მაინც გარკვეული გამოჯანსაღების შესაძლებლობაც უჩნდებათ, მათ შორის ერთმანეთთან კოოპერაციის გზითაც, იქნება ეს ჰუმანიტარულ, ჯანდაცვის, ფინანსურ, განათლების, ვაჭრობის, ენერგეტიკის, უსაფრთხოების, კულტურულ, სპორტულ, გლობალურ თუ სხვა ასპექტებში.
ქართულ-აფხაზურმა კონფლიქტმა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიაყენა, როგორც ქართველებს, ასევე აფხაზებს. ნაშრომის თანაავტორის ვახტანგ ჭარაიას მიერ ადრე განხორციელებული სხვა კვლევის თანახმად, განადგურებული კერძო საკუთრება, ჩამოშლილი ინფრასტრუქტურა, განუხორციელებელი ინვესტიციები, უზარმაზარი გაუთვალისწინებელი ხარჯები (დევნილთა შემწეობა, ახალი სახელმწიფო უწყებები და ა.შ.), ჰუმანიტარული პროექტები (ენერგეტიკული, ჯანდაცვითი, სასოფლო-სამეურნეო და ა.შ.) და ა.შ. გახლავთ კონფლიქტის ის ეკონომიკური ფასი, რომელიც ჯამურად ყველაზე კონსერვატიული მიდგომითაც კი მინიმუმ 65 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღწევს და მზარდია კონფლიქტის განგრძობადობის პარალელურად (ავტორის გაანგარიშებები).
აღსანიშნავია, რომ 65 მილიარდიან დანაკარგში არ შედის კონფლიქტის არც პოლიტიკური და არც მორალური ფასი, მათ შორის როგორიცაა, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვნად ვერ გაწევრიანების შედეგად მიღებული დანაკარგები, რეგიონში ლიდერული პოზიციების არაერთგზის შერყევა, სისტემატიური არასტაბილურობა და ა.შ. ხსენებულ ზარალის მოცულობაში ასევე არ არის გათვალისწინებული აფხაზეთის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიების (მიწა, ბუნებრივი წიაღისეული, საზღვაო რესურსები და ა.შ.) საორიენტაციო ღირებულებაც, რადგანაც კონფლიქტი ამოწურული არ არის და შესაბამისად არც ტერიტორიები საბოლოოდ დაკარგული თბილისისთვის.
მეორე მხრივ აღსანიშნავია, რომ კონფლიქტს ჰქონდა გარკვეული „შემოსავალიც“, რომელიც რა თქმა უნდა ვერანაირად ვერ გაუტოლდება დანაკარგებს, თუმცა მაინც სოლიდურ – დაახლოებით 3.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მათ შორის: 2 მილიარდი აშშ დოლარის გრანტი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების აღმოსაფხვრელად, გაეროს და ევროკავშირის სამშვიდობო მისიების მიერ საქართველოში დახარჯული დაახლოებით 700 მილიონი აშშ დოლარი, ცალკე სახელმწიფოების მიერ ჰუმანიტარული მისიების ფარგლებში გამოყოფილი რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის დახმარება, ათეულობით მილიონი დოლარის არასამთავრობო სექტორის გავლით გაცემული გრანტები და სხვა.

აფხაზეთის და აჭარის ეკონომიკის სტრუქტურების აღწერა და შედარება
აფხაზების უღიარებელი თუ 2008 წლის შემდეგ რუსეთის და რამდენიმე მისი მოკავშირის მიერ აღიარებული დამოუკიდებლობის ფონზე, აფხაზეთის პოტენციალის გათვალისწინებით მისი რეალური ეკონომიკური მონაგარი საკმაოდ მწირი და შეზღუდულია. ამის მიზეზებს შორის კი არაუკანასკნელი როლი დასავლეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყეობის პრინციპის მხარდაჭერაა.
საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის არ აღიარების გამო, აფხაზეთში დღემდე არ არიან ოფიციალურად წარმოდგენილი საერთაშორისო ბრენდები, აფხაზურ კომპანიებთან ტრანსპარენტულ ურთიერთობაში არ შედიან სხვა ქვეყნების კომპანიები (გარდა რუსულისა), შეზღუდულია მისი სატრანზიტო, ტურისტული, სავაჭრო თუ საინვესტიციო შესაძლებლობები. ცალკეულ ასპექტებში იგივეს თქმა შეიძლება თბილისის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზეც.
კონფრონტაციის შედეგად მიღებული დანაკარგები, იზომება არა მხოლოდ პოლიტიკური, ფინანსური თუ გეოსტრატეგიული ღირებულებით, არამედ იმ ცხოვრების დაცემული დონით და დაკარგული ათეულობით ათასი სამუშაო ადგილით, რომელიც კონფლიქტმა გამოიწვია, რომ არაფერი ვთქვათ დაკარგულ დროსა და ადამიანების სიცოცხლეებზე. მიუხედავად იმისა, რომ მდინარე ენგურის ორივე მხარეს განსხავაევებული პოლიტიკური ინტერესებია, მიგვაჩნია რომ ეკონომიკური ინტერესები შესაძლოა მნიშვნელოვან თანხვედრაში იყოს ერთმანეთთან და ამაში როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო რესურსების გამოყენებაა შესაძლებელი (მაგალითდ ევროკავშირის).
იმისთვის რომ შევადაროთ, თუ რა პოტენციალი დაკარგა აფხაზეთმა, ნიმუშად შეგვიძლია ავიღოთ აჭარის რეგიონი, რომლის პოტენციალი ყოველთვის უფრო მცირედ იყო შეფასებული, ვიდრე აფხაზეთის, თუმცა ჩვენი კონსერვატიული მიდგომისთვის იდეალურად გამოგვადგება. მეტი თვალსაჩინოებისთვის დავამატოთ, რომ აფხაზეთი აჭარას უსწრებს:
– ტერიტორიის მიხედვით – 3-ჯერ (აფხაზეთი – 8661 კმ2, აჭარა – 2880 კმ2);
– საზღვაო აკვატორიის სიგრძით კი – 4-ჯერ (აფხაზეთი – 195 კმ, აჭარა – 50 კმ).
განვიხილოთ აფხაზეთის და აჭარის რეგიონების ეკონომიკის ძირითადი ტენდენციები. მიუხედავად იმისა, რომ რაიონების მიხედვით აფხაზეთის ეკონომიკის სტრუქტურა მნიშვნელოვნად განსხვავდება, ძირითადად ის იმპორტდამოკიდებული და მომსახურებაზე ორიენტირებული ხასიათისაა, ისევე როგორც აჭარის რეგიონი. თუმცა, 2019 წლის ჩაღრმავებული მონაცემების თანახმად (პრე-კოვიდური წელი სპეციალურადაა შერჩეული):
– აჭარის ეკონომიკა 3 ჯერ და უფრო დიდია ვიდრე აფხაზეთის და ის დაახლოებით $1.8 მილიარდს შეადგენს, აფხაზეთის $540 მილიონის საპირწონედ;
– თითქმის ოთხმაგი სხვაობაა აფხაზეთის (ჯამში $400 მილიონი) და აჭარის (რეგიონის პროპორციებიდან გამომდინარე დაახლოებით $1.5 მილიარდი) ექსპორტ-იმპორტის მოცულობებშიც, აჭარის რეგიონი სასარგებლოდ. ამასთან ერთად აფხაზეთიდან ექსპორტის საბოლოო დანიშნულება მხოლოდ რუსეთით და თურქეთით შემოიფარგლება, რაც მის პოტენციალს მნიშვნელოვნად ამცირებს და ხდის დამოკიდებულს უმცირეს პოლიტიკურ რხევებზეც კი;
– დაახლოებით 3-ჯერ აღემატება აჭარაში დასაქმებულთა რიცხვი (126.1 ათასი) აფხაზეთში დასაქმებულთას (42.2 ათასი), მაშინ როდესაც მოსახლეობაში სხვაობა სულ 45 პროცენტია (აფხაზეთის მოსახლეობა – 245 ათასი, აჭარის მოსახლეობა – 355 ათასი)
– საშუალო ხელფასით აჭარის რეგიონის $340 დოლარი ორჯერ აღემატება აფხაზეთის $168 დოლარიან მაჩვენებელს;
– ჩახლართული მდგომარეობაა საპენსიო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. კერძოდ, აფხაზეთში მაცხოვრებელი რუსეთის მოქალაქე პირები (ყველა ქართველების გარდა), როგორც წესი იღებენ რუსულ პენსიას, რომელიც დაახლოებით $150 დოლარამდე აღწევს და აღემატება ქართულ პენსიას დაახლოებით 2-ჯერ, თუმცა ქართველი პენსიონერები სარგებლობენ უფასო საყოველთაო ჯანდაცვით (რომლითაც სარგებლობენ მათ შორის აფხაზებიც) და სხვადასხვა პროგრამებით, რომელიც ჯამში მნიშვნელოვნად აღემატება ერთი შეხედვით უფრო დიდ რუსულ პენსიას.
ცალკე განხილვის საგანია ტურიზმის ინდურსტია, რომელშიც აჭარის რეგიონი განსაკუთრებით ლიდერობს, როგორც მიღებული ტურისტების რაოდენობის და გეოგრაფიული დივერსიფიცირების, ასევე ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით, კერძოდ:
– ვიზიტორთა რაოდენობა აფხაზეთში 1 მილიონს შეადგენს, თუმცა მათი დაახლოებით ნახევარი მხოლოდ 1-დღიანი ვიზიტით სტუმრობდა აფხაზეთს, მაშინ როდესაც აჭარამ 2.8 მილიონ უცხოელს უმასპინძლა;
– თუ აფხაზეთში თითქმის ყველა უცხოელი ვიზიტორი რუსეთიდანაა, აჭარაში ვიზიტორების გეოგრაფიული დივერსიფიცირება 150 ქვეყანას აჭარბებს, რომელთა 60 პროცენტი მეზობელი ქვეყნებიდან, დანარჩენი 40 კი მთელი მსოფლიოდანაა წარმოდგენილი;
– შემოსავლების კუთხით, აჭარის რეგიონი დაახლოებით 3.3-ჯერ უფრო მეტს აგენერირებს ვიდრე აფხაზეთი და ეს რიცხვი $1 მილიარდს შეადგენს.
აფხაზური მონაცემების თანახმად, 2019 წელს რეგიონში დაახლოებით 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც საკმაოდ სოლიდური თანხაა, თუმცა დაახლოებით 6.5-ჯერ ჩამორჩება აჭარაში დაფიქსირებულ 200 მილიონიან ნიშნულს. უცხოურთან ერთად აღსანიშნავია ადგილობრივი ინვესტიციების როლიც, რომელიც აჭარის უპირატესობას კიდევ უფრო მეტად აძლიერებს.
შესაბამისად, აჭარის რეგიონი აფხაზეთს ამ პერიოდისთვის უსწრებს არამხოლოდ ტურიზმში, არამედ წარმოებაში, გადამუშავებაში, მშენებლობაში, ტრანზიტში, მრეწველობაში, საზღვაო ეკონომიკაში, დიჯიტალიზაციაში და ა.შ. თანაც რამდენიმეჯერ. არადა ყოველთვის მიჩნეული იყო, რომ აფხაზეთის პოტენციალი აჭარისას მნიშვნელოვნად აღემატებოდა, თუმცა მოგეხსენებათ, მხოლოდ პოტენციალი არაფერს ნიშნავს, თუ მისი რეალური გამოყენება და პროცესში ჩართვა არ ხორციელდება.
უფრო მეტიც, კონფლიქტების შედეგად თავის რეალურ შესაძლებლობას ჩამორჩება არამხოლოდ აფხაზეთის რეგიონი, არამედ მთლიანად საქართველოც, რომლის ეკონომიკა აფხაზეთის რეგიონთან ერთად არა უბრალოდ 10%-ით უფრო მეტი იქნებოდა (სწორედ ამდენია აჭარის რეგიონის წილი ქართულ ეკონომიკაში), არამედ მაღალი ალბათობით – რამდენიმეჯერ გაუსწრებდა დღევანდელ ეკონომიკურ პარამეტრებს, მათ შორის: უფრო მაღალი ყოველწლიური ეკონომიკური ზრდის, მშვიდობის პერიოდში განხორციელებული უფრო მეტი სტრატეგიული პროექტის, უფრო მეტი მოზიდული ინვესტიციის, უფრო ნაკლები არამიზნობრივი საბიუჯეტო ხარჯების და ა.შ. ხარჯზე.
იმ უპირატესობის საწინდარი, რასაც აჭარა უჩვენებს აფხაზეთთან მიმართებაში, არამხოლოდ აფხაზეთის მოქმედებების შეზღუდულობით, არამედ თავად აჭარის უპირატესობითაა განპირობებული, ისეთი ფაქტორებით, რომელიც საქართველოში უკვე ნორმად არის ჩამოყალიბებული: კორუფციის მინიმალური დონე, ორგანიზებულ კრიმინალზე გამარჯვება, უსაფრთხო გარემო, პროგრესული რეფორმები ბიზნესის კეთებისათვის და ა.შ. ეს იმ ინსტიტუციური უპირატესობების მცირე ჩამონათვალია, რომელიც დღევანდელ რუსეთთან „მეგობრობით“ ვერასდროს და ვერსად მიიღწევა. მიზეზი კი მარტვია, რუსეთისათვის სწორედ საწინააღმდეგო გარემოა ბუნებრივი.
ცალკე განხილვის საგანია აჭარის და აფხაზეთის შედარება კოვიდ პანდემიის ფონზე, რომელმაც ორივე რეგიონს უზარმაზარი სირთულეები შეუქმნა, პირველ ეტაპზე ჯანდაცვის კუთხით, თუმცა შემდგომში გადაიზარდა სრულ ეკონომიკურ გამოწვევაში. შეიძლება ითქვას, რომ ორივე რეგიონი 2021 წლის მდგომარეობით შედარებით მომჯობინდა ქაოტურ 2020 წელთან შედარებით, თუმცა ჯერ არავინ იცის, თუ როგორ გაგრძელდება ეს პროცესები მომავალში. მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ აჭარა და მთლიანად საქართველო ბევრად უფრო მეტი მხარდაჭრით და შესაძლებლობით გამოირჩა აფხაზეთთან შედარებით, თუნდაც საერთაშორისო ფინანსური დახმარების, სპეციფიური აპარატურის დროული მოწოდების, ვაქცინების მრავალფეროვნებით თუ სხვა კუთხით.

ქართულ-აფხაზური თანამშრომლობის მოდელირება
ამ ნაწილში ავღწერთ ზოგადი წონასწორობის მარტივი მოდელის საშუალებით ეკონომიკური პოლიტიკის სიმულაციას. ეკონომიკური პოლიტიკის სიმულაცია გულისხმობს ქართულ აფხაზური ეკონომიკური ურთიერთობის განახლებას, კერძოდ აფხაზეთის რეგიონის საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართვას (სცენარი 1) და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებით კაპიტალის მოდინებას (სცენარი 2), ან მათ კომბინაციას (სცენარი 3).
ვაჭრობის შეზღუდვად მიჩნეულია – 100 პროცენტიანი სატარიფო განაკვეთი, ხოლო ვაჭრობის სრულ ლიბერალიზაციაში იგულისხმება – 0 პროცენტიანი სატარიფო განაკვეთი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პირველ შემთხვევაში ვაჭრობა კრიტიკულად გართულებულია, ხოლო მეორე შემთხვევაში კი მაქსიმალურად წახალისებული.
საბაზისო მაჩვენებლად აღებულ იქნა 2019 წლის აფხაზეთის რეგიონის მაკროეკონომიკური მონაცემები (იხ. ცხრილი 1), რადგანაც 2020 და 2021 წლების სტატისტიკა ჯერ-ჯერობით არ მოიპოვება არა ასასწორიც იქნება კოვიდ პანდემიის საკითხიდან გამომდინარე. ცხრილიდან ჩანს, რომ 2019 წელს გამოშვება შეადგენდა 538 მლნ დოლარს, მშპ 523 მლნ დოლარს, სავაჭრო ბალანსი გახლდათ უარყოფით -218.2 მლნ დოლარი, ინვესტიციების მოცულობა კი 55,5 მლნ დოლარი იყო, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 156,5 მლნ დოლარი, საიდანაც 48% რუსეთის ფედერაციის ყოველწლიური ფინანსური დახმარებაა.

ცხრილი 1. აფხაზეთის რეგიონის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, 2019 წელი

1.      ეროვნულ ანგარიშთა სისტემა 3.      სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები, ხარჯები და საბიუჯეტო სალდო 
  მლნ. დოლარი წილი გამოშვებაში მლნ დოლარი წილი გამოშვებაში
გამოშვება 538 1.00 შემოსავალი 157 0.29
შრომის ანაზღაურება 86 0.16 არასაგადასახადო შემოსავლები 0.11 0.20
მიმდინარე ხარჯები 114 0.21
მშპ საბაზრო ფასებში 523 0.97  საქონელი და მომსახურება 110 0.20
კერძოს მოხმარება 575 1.07 პროცენტი 0.002 0.00
სამთავრობო მოხმარება 110 0.20 ტრანსფერები და სუბსიდიები 0.002 0.00
ინვესტიციები 56 0.10 კაპიტალური ხარჯები 38 0.07
ექსპორტი 92 0.17 ფისკალური ბალანსი 0.005 0.01
იმპორტი 310 0.58
2.      საგადასახადო შემოსავლები 4.      საგადასახდელო ბალანსი
დღგ და აქციზი 0.012 0.02 სავაჭრო ბალანსი – 218 -0.41

 

საიმპორტო ტარიფი 0.014 0.03 წმინდა კერძოდ ტრანსფერები 76 0.14
საშემოსავლო გადასახადი 0.013 0.02 წმინდა ოფიციალური ტრასნფერები – 3.8 -0.01
მოგების გადასახადი 0.01 0.02 მიმდინარე ანგარიშის ბალანსი – 51 -0.10
სულ 49 0.09 საგარეო ვალი 24 0.05
ვალის მომსახურება 1.4 0.003

ცხრილი 1-ში წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე განხორციელდა ქართულ-აფხაზური ეკონომიკური თანამშრომლობის სიმულაცია, რომლისთვისაც გამოყენებულ იქნა ზოგადი წონასწორობის მარტივი მოდელი. აღნიშნული მოდელის სპეციფიკაცია მოიცავს უამრავ ერთმანეთთან დაკავშირებულ განტოლებათა სისტემას. შესაბამისად, მათ დეტალურ ახსნას თავს ავარიდებთ და ვისაუბრებთ მხოლოდ მოდელის საშუალებით მიღებულ შედეგებზე.
მოდელში თავისუფალი ვაჭრობის სცენარის შემთხვევაში იგულისხმება, რომ ორივე მხარე ხსნის ეკონომიკურ საზღვრებს. მოდელის მიხედვით, საზღვრების გახსნა გულისხმობს 0%-იან სატარიფო განაკვეთს (საზღვრების სრული ჩაკეტვა კი გულისხმობს 100%-იან სატარიფო განაკვეთს). საზღვრების გახსნით ქართულ მხარეს შეუძლია აითვისოს აფხაზეთის რეგიონის ბაზარი, ხოლო აფხაზეთის რეგიონს შეუძლია აითვისოს არა მხოლოდ დარჩენილი ქართული ბაზარი, არამედ ქართული მხარის საშუალებით მსოფლიო ბაზარი და ყველა ის შესაძლებლობა რომელიც გააჩნია ქართულ მხარეს. კერძოდ, ასოცირების ხელშეკრულებით მიღებული თავისუფალი ვაჭრობის უპირატესობა ევროკავშირთან, ჩინეთთან და სხვა მრავალ სახელმწიფოსთან, აგრეთვე საქართველოს მიერ გაფორმებული სხვადასხვა ორმხრივი და მრავალმხრივი შესაძლებლობები ბიზნესის განვითარებისათვის.

ცხრილი 2. სიმულაციის სცენარის გავლენა აფხაზეთის რეგიონის ეკონომიკისათვის

საბაზისო მდგომარეობა (დოლარებში) ვაჭრობის ლიბერალიზაციის შედეგები (დოლარებში) % ცვლილება
შემოსავალი 538.4 597.6 11.00
მოხმარება 575.5 764.5 32.85
მთლიანი დანაზოგები 96.91 91.5 -5.56
სამთავრობო დანაზოგები 26.92 32.3 20.00
საგადასახადო შემოსავლები 37.69 43.0 14.28
ექსპორტი 91.7 139.9 52.59
იმპორტი 309.9 376.9 21.59

როგორც ცხრილი 2-დან ჩანს, თანამშომლობის მოდელირება საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება, თუმცა გააჩნია გარკვეული ზღვარი. აფხაზეთის რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის გათვალისწინებით ქართულ აფხაზური სავაჭრო ურთიერთობების განახლება, კერძოდ ვაჭრობის წახალისება და ინვესტიციების მოზიდვა შემოსავლებს – 11 პროცენტით გაზრდის, მოხმარებას – 32,85 პროცენტით, საგადასახადო შემოსავლები გაიზრდება 14,28 პროცენტით, ექსპორტის წილი მთლიან გამოშვებაში გაიზრდება 52.59 პროცენტით, ხოლო იმპორტის წილი მშპ-ში 21,59 პროცენტით. გასათვალისწინებელია რომ შემცირდება დანაზოგები 5.56 პროცენტით, თუმცა ეს არა მოსახლეობის გაღარიბების, არამედ მათი დანაზოგების ბიზნეს აქტიურობაში ჩართვის შედეგი იქნება.
გასათვალისწინებელია, რომ აფხაზეთის ეკონომიკის ადგილობრივი რესურსი საკმაოდ შეზღუდულია შემდგომი განვითარებისათვის, ამიტომ მისი მომდევნო წინსვლისთვის მნიშვნელოვანი იქნება უცხოური ინვესტიციების მიღება (მაგალითად ტურიზმის, გადამამუშავებელი მრეწველობის, სოფლისმეურნეობის და სხვა დარგებში). შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება სხვა მაკროეკონომიკური პარამეტრებიც. შედარებისთვის, აჭარის რეგიონში უცხოური პირდაპირი ინვესტიციების გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე 1.7 ჯერ უფრო მაღალია ვიდრე აფხაზეთში. რაც მოწმობს იმ ფაქტს, რომ აჭარის რეგიონში მწარმოებლური კაპიტალის დაბანდება უფრო მეტად ხდება ვიდრე აფხაზეთში, სადაც ძირითადად ნაკლებად მწარმოებლური, ბუნებრივ რესურსების მაძიებელი ინვესტიციები ხორციელდება.თუმცა, უცხოური პირდაპირი ინევსტიციების მოზიდვისათვის აუცილებელია შეიქმნას სათანადო ბიზნეს და ინსტიტუციური გარემო.
ამგვარად ცხრილში წარმოდგენილი ზრდა შესაძლებელია, თუ აფხაზეთის რეგიონში ვაჭრობის ლიბერალიზაციასთან ერთად გატარდება მთელი რიგი რეფორმები, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას. ამასთან ცხრილში მოცემული სიმულაციის შედეგები არ შეიძლება განვიხილოთ როგორც პროგნოზი. სიმულაცია გვიჩვენებს აფხაზეთის რეგიონს რა პოტენციალი გააჩნია თუ აღმოიფხვრება ეკონომიკური ზრდის დამაბრკოლებელი ფაქტორები, როგორიცაა ვაჭრობის შეზღუდვა ქართულ მხარესა და დანარჩენ სამყაროსთან (რუსეთის, ნაწილობრივ თურქეთის და სხვა უმნიშვნელო ბაზრების გარეშე) და ამავე დროს ცხრილი გვიჩვენებს აფხაზეთის რეგიონს საქართველოსთან ეკონომიკური ინტეგრირებით თუ რა სარგებლის მიღება შეუძლია.

დასკვნა
სტატიაში მოყვანილი რიცხვები ნათლად იძლევა, როგორც არსებული, ასევე სამომავლო პოტენცალის შეფასების შესაძლებელობას ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში, მათ შორის შეიძლება დასკვნის სახით გამოიყოს:
– მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის პოტენციალი ყოველთვის უფრო დიდი გახლდათ ვიდრე აჭარის, ფაქტია რომ დღევანდელ რეალობაში ამ უკანასკნელის ეკონომიკა მინიმუმ სამჯერ, ცალკეულ ასპექტებში კი უფრო მეტადაც უსწრებს პირველს;
– აჭარა იყენებს საქართველოს გახსნილი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგებს, მაშინ როდესაც აფხაზეთის გახსნილობა რუსეთის და კიდევ რამდენიმე შედარებით უმნიშვნელო ბაზრთან ბმით შემოიფარგლება, რაც მის რეალურ შესაძლებლობენ მნიშვნელოვნად ზღუდავს;
– ქართულ-აფხაზური ეკონომიკური ურთიერთობა საშუალებას მისცემს აფხაზეთის რეგიონს გამოიყენოს მსოფლიო ეკონომიკის შესაძლებელობები და მიიღოს მნიშვნელოვანი სარგებელი, რომელიც მოგვიანებით უფრო მაღალი ცხოვრობის სტანდარტში შეიძლება გადაითარგმნოს, თანაც იმაზე მნიშვნელოვნად უკეთესში ვიდრე დღევანდელი რეალობით საქართველოშია (იგულისხმება, კავშირები, რესურსები, ბაზრები, ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება, სოციალური საკითხები და ა.შ.), რაც ნებისმიერი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სამიზნეა.

ვახტანგ ჭარაია
დავით სიხარულიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები