ბლინკენი: ლუკაშენკოს სურს, მიგრანტების საკითხით უკრაინის საზღვართან რუსეთის აქტივობიდან ყურადღება იყოს გადატანილი
ბელორუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო პოლონეთ-ბელორუსიის საზღვარზე მიგრაციული კრიზისის ხელოვნურად შექმნით ცდილობს, ყურადღება გადაიტანოს რუსული ჯარების მობილიზაციიდან უკრაინის საზღვართან, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა Twitter-ზე დაწერა.
ბლინკენმა თქვა, რომ მას ჰქონდა საუბარი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუსთან, რათა კიდევ ერთხელ დაედასტურებინა აშშ-ის სოლიდარობა პოლონეთ-ბელორუსიის საზღვარზე ლუკაშენკოს ჰიბრიდული კამპანიის წინაშე.
ბლინეკის თქმით, ეს კამპანია “მიზნად ისახავს უსაფრთხოების საფრთხის შექმნას, განხეთქილების დათესვასა და ყურადღების გადატანას რუსეთის აქტივობიდან უკრაინის საზღვართან”.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით, ბლინკენმა ასევე მადლობა გადაუხადა რაუს პოლონეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აქტიური მხარდაჭერისთვის.
„აშშ, პოლონეთი და სხვა მოკავშირეები და პარტნიორები ერთნი არიან იმაში, რომ აიძულონ მოსკოვი, მაღალი ფასი გადაიხადოს რეგიონში სამხედრო აგრესიისა და ბოროტმოქმედებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, 30 ოქტომბერს The Washington Post-მა ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა განაახლა სამხედროების რაოდენობის ზრდა უკრაინის საზღვრებთან, რაც იწვევს შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ზოგიერთი ოფიციალური პირის შეშფოთებას. მოგვიანებით, Politico-მ გამოაქვეყნა სატელიტური სურათები.
ამასთან, უკრაინის დაზვერვაში განაცხადეს, რომ რუსეთს არ განუთავსებია დამატებითი ჯარები და გავრცელებულ ინფორმაციას უწოდა “ფსიქოლოგიური ზეწოლის ელემენტი”. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის საზღვრებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამჟამად, დაახლოებით, 90 ათასი რუსი სამხედრო იმყოფება. კრემლი უარს ამბობს სიტუაციის გარკვევაზე.
7 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს არ აქვს ინფორმაცია უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების ზრდის შესახებ და ღია რჩება კითხვა, თუ რატომ ავრცელებს ამერიკული მედია მსგავს ინფორმაციას. მეორე დღეს მან აღიარა: რუსეთი აძლიერებს „ჯარის სპეციფიურ დაჯგუფებებს“ საზღვრებთან, მაგრამ ჯერ ნაადრევია დასკვნების გამოტანა.
10 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ უკრაინის არმია მზად არის პასუხის გასაცემად და მედიის პანიკა შესაძლოა, მტერს დაეხმაროს.