საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდებულის საპროცესო უფლებების სრულფასოვნად დაცვის უზრუნველსაყოფად ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ბრალდებულის საპროცესო უფლებების სრულფასოვნად დაცვის უზრუნველსაყოფად და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის (ბრალდებულის მიერ ადვოკატის აყვანა) ეფექტიანად აღსრულების მიზნით, ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მაგი ცნობით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, დავით ასათიანმა და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა.
შეხვედრას ასევე, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეები, პროკურატურის და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“ღონისძიება საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ გახსნა. მისი თქმით, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში, მათ შორის, საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს პირის დაცვის უფლება, ეს უფლება გარანტირებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითაც.
„თითოეული ჩვენგანი იზიარებს პასუხისმგებლობას, რაც გაგვაჩნია კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობისა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის პროცესში“ – აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.
ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის თანახმად, საქართველოს პროკურატურა შეიმუშავებს და აღასრულებს შიდა უწყებრივ ინსტრუქციას, რომლის მიხედვითაც, საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მომენტიდან ბრალდებულს მიეცემა გონივრული ვადა (არანაკლებ 24 საათისა) ადვოკატის მოსაწვევად (დაცვა შეთანხმებით) და მხოლოდ ამის შემდეგ ამოქმედდება დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეიმუშავებს და აღასრულებს შიდა უწყებრივ ინსტრუქციას, რომლის თანახმადაც, გამომძიებლებს დაევალებათ, დაკავებულ პირს არ გაუწიონ რეკომენდაცია კონკრეტული ადვოკატის აყვანასთან დაკავშირებით. იურიდიული დახმარების სამსახური საზოგადოებრივი ადვოკატებისთვის შეიმუშავებს და აღასრულებს შიდა უწყებრივ ინსტრუქციას, რომლის თანახმადაც, საპროცესო შეთანხმებისას სახელმწიფოს ხარჯზე სავალდებულო დაცვის საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში (დაცვა შეთანხმებით), საზოგადოებრივი ადვოკატები მიმართავენ სამსახურს საქმიდან ჩამოშორების შუამდგომლობით. ადვოკატთა ასოციაცია წინამდებარე შეთანხმების თაობაზე უზრუნველყოფს ასოციაციის წევრთა შორის ინფორმაციის გავრცელებას და სხვა მხარეებს პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას წინამდებარე შეთანხმების განხორციელების შესახებ.
ასევე, მემორანდუმის მონაწილე მხარეები უფლებამოსილნი არიან, მათი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ ყველა კანონიერი მოქმედება მემორანდუმით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.