თბილისში 10 ნოემბრის აქციებზე დაკავებულ 3 პირს სასამართლომ 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა
10 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გამართულ ოპოზიციის აქციაზე დაკავებულ 3 პირს სასამართლომ 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ერთ-ერთი მათგანი, ბორის ყურუა “გირჩი მეტი თავისუფლების” წევრია,
დანარჩენი ორი კი – “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი – ირაკლი კვარაცხელია და დავით ნებიერიძე.
შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბერს ოპოზიციამ აქცია ერთდროულად სამ ლოკაციაზე: სუს-თან, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან გამართა. აქციებზე პოლიციამ, ჯამურად, 46 ადამიანი დააკავა. 16 მათგანს სასამართლომ 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, სხვა დაკავებულების პროცესები კი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს იმართება. დაკავებულებს გამოძიება პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება.