ზაალ უდუმაშვილი ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, გადადგეს და რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს

 

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, გადადგეს და რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს. ამის შესახებ მან ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საპროტესტო აქციები არ დასრულდება და ხალხი ბიძინა ივანიშვილს ემუქრება.

„ჩვენი აქციები იქნება არაძალადობრივი, მაგრამ მტკიცე. ხომ ხედავთ, ნერვები აღარ ყოფნით უკვე, გუშინწინ რა ხდებოდა, მშვიდობიან მომიტინგეებს რომ დაერივნენ და დაიწყეს მასობრივი დაპატიმრებები, 46 ადამიანი დააკავეს, ახლაც მიმდინარეობს ჩვენი თანამებრძოლების სასამართლოები და ყველას 2 000-ლარიან ჯარიმას უწერენ, მიუხედავად იმისა, რომ კანონდარღვევის ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ. ეს არის რეპრესიული მანქანა, ოღონდ ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ჰგონიათ, ამით უკან დავიხევთ.

სააკაშვილმა შექმნა თანამედროვე ქართული არმია, რომლითაც ვამაყობთ ყველა და შექმნა სახელმწიფო, რომელიც თითით საჩვენებელი იყო მსოფლიო რუკაზე. დღეს ეს ქვეყანა ჩქარი ნაბიჯებით მიემართება რუსეთისკენ, არ დავუშვებთ ამას, ჩვენი ადგილი ევროპაშია, ევროპული ოჯახია. არცერთი ნაბიჯი უკან, ყოველდღე, ყოველ საათს, ყოველ წუთს უნდა იგრძნოს ივანიშვილმა, რომ მას საფრთხე ემუქრება, დიახაც, ხალხი ემუქრება ივანიშვილს, დროულად გადადგეს, დროულად მიიღოს რიგგარეშე არჩევნების გადაწყვეტილება; დროულად იმიტომ, რომ ეს პროტესტი არ გაჩერდება. ხომ ხედავთ, ხალხო, ყოველდღიურად უფრო მეტი და მეტი ხალხი გამოდის ქუჩაში, აღარავინ აღარ მოითმენს საქართველოს რუსიფიკაციას, ამას არავინ არ შეეგუება, ჩვენ ვართ ქართველები, ჩვენ ვართ ღირსეული ერი, ჩვენი ვართ თავისუფლების მოყვარული ერი და ჩვენს თავისუფლებას ჩვენს ღირსებას ყოველთვის დავიცავთ. თქვენ გაგიმარჯოთ, საქართველოს გაუმარჯოს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები