“ბუნებრივია, უკრაინის პრეზიდენტი ზრუნავს უკრაინის მოქალაქეებზე, საქართველოს პრემიერმინისტრი და ხელისუფლება კი, მართლმსაჯულების აღსრულებაზე საქართველოში. ეს არის ორი ინტერესი, რომელიც ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერმინისტრის სატელეფონო საუბარს.
დეპუტატის თქმით, მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გამოქვეყნების მიზანი იყო, საზოგადოებას დაენახა, რომ პატიმრის მიმართ ყველა სტანდარტი იყო დაცული.
„იუსტიციის სამინისტრომ ჩანაწერები იმიტომ გამოაქვეყნა, რომ ეჩვენებინათ, მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაცული იყო ყველა სტანდარტი, კერძოდ, პატიმრის მიმართ მოპყრობის თვალსაზრისით. ჩვენ ვნახეთ, როგორ მოექცნენ მიხეილ სააკაშვილს, როგორც უკრაინის მოქალაქეს – უკრაინაში. კადრები ვნახეთ, მისი დაკავება როგორ მოხდა. მისი ადვოკატის განცხადება გასაგებია, რადგან დაცვის ქვეშ მყოფ პირს იცავს. რაც შეეხება ქვეყნებს შორის ურთიერთობას, მიხეილ სააკაშვილთან კავშირში არ არის. ამ კადრების ჩვენების მიზანი იყო, რომ მისი უფლებები არის დაცული. პრეტენზიები არც არის გამოთქმული იმის თაობაზე, როგორ მოხდა მისი შესახლება მე-18 დაწესებულებაში, უფრო პრეტენზიები ისმის იმაზე, ამ კადრების გამოქვეყნება ღირდა თუ – არა. თავისთავად, მძიმე კადრებია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვიმყოფებით დეზინფორმაციული შტურმის ეპიცენტრში, როცა ქართული სახელმწიფოსი, სასჯელაღსრულების დისკრედიტაციას ცდილობენ. მნიშვნელოვანია, ამაზე იყოს მკვეთრი პასუხი საზოგადოებისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.