გურამ მაჭარაშვილი: დიდი დრო არ გასულა, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სახურავიდან სამარცხვინოდ ჩამოჰყავდა უკრაინის სპეცრაზმს, შემდეგ თმებში წვდნენ, თრევით შეიყვანეს
„ზელენსკის საჯარო გამოსვლა გვახსოვს, როცა დაგმო ის ფაქტი, როცა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი დაუკითხავად გადაკვეთა. დიდი დრო არ არის გასული, როცა უკრაინაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სახურავიდან სამარცხვინოდ ჩამოჰყავდა უკრაინის სპეცრაზმს”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ, ვლადიმირ ზელენსკისა და საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინის მოქალაქის უფლებები საქართველოში კარგად იქნება დაცული, რაც თავად უკრაინულმა მხარემაც იცის.
„ზელენსკის საჯარო გამოსვლა გვახსოვს, როცა დაგმო ის ფაქტი, როცა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი დაუკითხავად გადაკვეთა. დიდი დრო არ არის გასული, როცა უკრაინაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სახურავიდან სამარცხვინოდ ჩამოჰყავდა უკრაინის სპეცრაზმს, შემდეგ თმებში წვდნენ, თრევით შეიყვანეს. საზოგადოებას ეს კადრები ძალიან კარგად ახსოვს. სასჯელაღსრულების დეპარტამენტში სააკაშვილი ბადრაგს პირიქით, წინააღმდეგობას უწევდა და არ მგონია, ეს ფაქტები ერთმანეთთან ოდნავ მაინც შესადარებელი იყოს.
გასაგებია, რომ უკრაინა მისი მოქალაქეების მიმართ ყურადღებიანი იქნება და კარგად იციან, რომ მისი უფლებები დაცული იქნება, მაგრამ შედარებისას გავიხსენოთ, სამწუხაროდ, რა ხდებოდა უკრაინაში და რა ხდება საქართველოში, როცა პირიქით ხდება ის, რომ სამწუხაროდ, პატიმარი იმდენს ბედავს, რომ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს იმ ადამიანებს, ვინც სახელმწიფოს ემსახურებიან. მეგობრული ურთიერთობა ყველასთან გვინდა, მაგრამ ჯერ ჩახედონ თავის სასჯელაღსრულების სისტემას და შემდეგ – საქართველოსას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.