ირაკლი კოვზანაძე: ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიას მხარს დავუჭერთ და სესიაზე გავიტანთ

„2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვერსიაში გათვალისწინებულია პარლამენტში გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების ნაწილი, პირველად ვერსიასთან შედარებით ცვლილებებია ხარჯვით ნაწილშიც, მთელ რიგ მხარჯავ სუბიექტებს ეზრდებათ დაფინანსება”, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია განიხილეს.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, ხარჯების ნაწილი გაზრდილია 395 მილიონ 800 ათასი ლარით და ასიგნებები 18 მილიარდ 840 მილიონს აღწევს. როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ბიუჯეტის წინა ვერსიასთან შედარებით დაზუსტდა 2021 წლის მოსალოდნელი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და, აქედან გამომდინარე, შეიცვალა 2022 წლის ზოგიერთი როგორც მაკროეკონომიკური ისე ფისკალური პარამეტრები, კერძოდ: „2021 წლის მოსალოდნელი რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი შეადგენს 10%-ს (წინა ვარიანტით იყო 9.5%) ამან მოგვცა საშუალება, რომ მომდევნო წელსაც დამატებითი რესურსი მიგვეღო ბიუჯეტის ზრდისთვის. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მომავალ წელს დაგეგმილია 6%-ის ფარგლებში, შენარჩუნებულია ეს მონაცემი და ნომინალში აღწევს 65 მილიარდ ლარს. ბიუჯეტის დეფიციტი ასევე შენარჩუნებულია 4,4%-ის დონეზე, ხოლო მთავრობის ვალი აწევს 52,2%-ს”.

ხარჯები ეზრდება მთელ რიგ სამინისტროებს და უწყებებს, გარდა ამისა, გადამუშავებულ ვარიანტში გათვალისწინებულია 175 მილიონი ლარი, საჯარო სექტორში ხელფასების 10%-იანი ზრდისთვის,”- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. მისი თქმით, დღევანდელი კომიტეტის სხდომით 2022 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა არ დასრულებულა.
„დღეს წარმოდგენილ გადამუშავებული ბიუჯეტის პროექტს კომიტეტი მხარს დაუჭერს და რეკომენდაციას გაუწევს სესიაზე განსახილველად”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები