მაია ბითაძემ ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ მონაწილეობა მიიღო ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილ მე-5 კონფერენციაში „პოლიტიკის შემქმნელთა როლი ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებაში”.
პარლამენტის ინფორმაციით, კონფერენციაზე განიხილეს რეკომენდაციები, რომლებიც ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვას შეუწყობს ხელს. ასევე, იმსჯელეს ევროკავშირის „მწვანე შეთანხმების” საკვანძო ასპექტების შესახებ, ფინეთის მიდგომებსა და გამოცდილებაზე ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლასთან დაკავშირებით.
კონფერენციაზე, გაერო-ს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრმა, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტმა, დარიუშ ედვარდ პრასეკმა საქართველოში ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებაში პოლიტიკის შემქმნელების როლთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა.
„მინდა, მადლიერება გამოვხატო ამ კონფერენციის ორგანიზატორებისადმი, სადაც მოგვეცა შესაძლებლობა, განგვეხილა ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პერსპექტივები სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად, მათ შორის, მთავრობის, პარლამენტის, მეცნიერებათა აკადემიის და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. ეს არის ახალი კარი ეკონომიკაში, ისეთ ეკონომიკაში სადაც მინიმუმამდეა დაყვანილ ნარჩენის წარმოქმნა, ხოლო წარმოქმნილი ნარჩენი გარდაიქმნება ახალ პროდუქტად. უნდა აღინიშნოს, რომ აქ საუბარია არა მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენზე არამედ ინერტულ და მწვანე ნარჩენებზეც. ეს არის ახალი შესაძლებლობები ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ქართული ეკონომიკის ზრდას და ადაპტაციას თანამედროვე სტანდარტებთან, რაც განსკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ამ გარდამავალ პერიოდში, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონები, რომლებიც გარემოსდაცვითი დემოკრატიის საფუძვლებს ქმნის,” – განაცხადა მაია ბითაძემ.
კონფერენცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი” ორგანიზებით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხატია წილოსანი.