ლევან დავითაშვილი ცირკულარული ეკონომიკის მეხუთე კონფერენციაში მონაწილეობდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ცირკულარული ეკონომიკის რიგით მეხუთე კონფერენციაში მონაწილეობდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთი რეკომენდაციების განხილვას, რომლებიც ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვას დააჩქარებს. ასევე, დეტალურად განიხილეს ევროკავშირის „მწვანე შეთანხმების“ საკვანძო ასპექტები, ფინეთის მიდგომები და გამოცდილება ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლასთან დაკავშირებით.
„ცირკულარულ ეკონომიკაზე მუშაობს ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებული არიან სხვადასხვა უწყების, მათ შორის, პარლამენტის, მეცნიერებათა აკადემიისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. პარლამენტისა და მთავრობის აქტიური ჩართულობა ამ პროცესში, ჩვენი ქვეყნის მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებასა და საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების უპირობო შესრულებას უზრუნველყოფს. ჩამოყალიბებული პოლიტიკის განხორციელებაში კი, ბიზნესის როლი იქნება გადამწყვეტი”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ნარჩენები შეიძლება, გამოყენებული იყოს, როგორც ნედლეული. ნაგავსაყრელზე რაც უფრო ნაკლები ნარჩენის განთავსება მოხდება, მით უფრო ნაკლები იქნება გარემოს დაბინძურება, რაც ბუნების მდგრადობისა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების საშუალებას მოგვცემს.
„მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება (მგვ) მომავალი წლიდან ამოქმედდება, რაც ნარჩენების პრევენციისა და რეციკლირების საშუალებას მოგვცემს და ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება. ჩვენ ვმუშაობთ, რომ, ვალდებულებების გარდა, მოხდეს წამახალისებელი ღონისძიებების გატარება, მათ შორის, თანადაფინანსების პროგრამები, რომელიც წაახალისებს ნარჩენების იმგვარ გადამუშავებას, რომ მინიმალური რესურსი გამოვიყენოთ ბუნებიდან და წნეხი ბიომრავალფეროვნებაზე შემცირდეს”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
კონფერენციაზე, გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრმა, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტმა, დარიუშ ედვარდ პრასეკმა საქართველოში ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებაში პოლიტიკის შემქმნელების როლთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარმოადგინა.
კონფერენცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ორგანიზებით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში ულრიკ თიდესტრომი, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი, საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩის მოადგილე ერიკ ელესი, საქართველოს პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე – მაია ბითაძე და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.